რუსებმა ხერსონის ოლქში რამდენიმე ხიდი ააფეთქეს
ხერსონის ოლქში რუსებმა მდინარე ინგულეცზე დარევსკის ხიდი ააფეთქეს, რომელსაც რუსული ჯარები ოკუპირებული ხერსონიდან და ნოვა კახოვკასკენ გადაადგილებისთვის იყენებდნენ.
УНИАН-ის ცნობით, ხიდი რუსებმა ააფეთქეს. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებულია ხერსონის მიმდებარე რამდენიმე სხვა გადასასვლელიც - ტიაგინსკის საცალფეხო ხიდი და ნოვოვასილიევსკის ხიდი სნიგირევკას შესასვლელთან, იმ მხარეში, სადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წინსვლა აქვთ.
უკრაინელი ანალიტიკოსების განცხადებით, აფეთქებული ხიდების ნაწილი რუსული ჯარების ზურგში მდებარეობს და თუ ისინი დარივკის ხიდცაც ააფეთქებენ, მაშინ ეს ნიშნავს რომ აღნიშნულ ფრონტზე ოკუპანტებისთვის ვითარება უმძიმესია.
ბოლო რამდენიმე დღეა ხერსონის ოლქის ამ მიმართულებაზე უკრაინელი სამხედროები აქტიურ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. დაუდასტურებული ინფორმაციით, ფრონტის ხაზებზე არსებული დასახლებული პუნქტებიდან თითქმის სრულად გავიდნენ რუსული საოკუპაციო ძალები.
ამასთანავე, გუშინ ღამით გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები სნიჰურივკას გარეუბანში შევიდნენ და გამაგრდნენ. ამ დასახლების აღება ქალაქ ხერსონის გასათავისუფლებლად სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია.
"უკრაინელმა ჯარებმა გაარღვიეს რუსული არმიის თავდაცვის ხაზი ხერსონის ჩრდილოეთით სოფელ სნიჰურივკას მახლობლად, იქ დილიდან მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები", - განაცხადა ხერსონის საოკუპაციო "ადმინისტრაციის" "ხელმძღვანელის მოადგილე" კირილ სტრემუსოვმი. მისი თქმით, უკრაინულმა ჯარებმა მოახერხეს დასახლების ჩრდილოეთ საზღვარზე გამაგრება, ასევე პოსად-პოკროვსკის და ბერისლავის მიმართულებით გარღვევას ცდილობდნენ.