რუსეთი კუბასა და ვენესუელაში სამხედრო ბაზების განთავსებას არ გამორიცხავს

 

13 იანვარს, რუსეთმა, დასავლეთთან დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა, როდესაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიბაკოვმა რუსული ბაზების კუბასა და ვენესუელაში განთავსება არ გამორიცხა.

რიბაკოვის თქმით, ის ამ შესაძლებლობას "არც ადასტურებს და არც გამორიცხავს."

"ყველაფერი ჩვენს კოლეგებზეა დამოკიდებული", - თქვა რიბაკოვმა RTVI-სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, თუკი დასავლეთი რუსეთის მოთხოვნებს არ შეასრულებს, ამ შემთხვევაში მისი განცხადება რეალობად იქცევა.

რიბაკოვი ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელია. 

ჟენევაში მიმდინარე შეხვედრებზე უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მასშტაბური მობილიზების ფონზე, სიტუაციის დეესკალაციის გზებზე მსჯელობენ.

კრემლი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას საფრთხედ აღიქვამს და დასავლეთისგან იმის დეკლარირებას მოითხოვს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არ გახდებიან.

ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა ეს მოთხოვნა ერთხმად უარყვეს, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყეს.

მსგავსი სიახლეები