რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდო-რეფერენდუმების ჩატარებას ჩქარობს - ISW

კრემლში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდო-რეფერენდუმების ჩატარების დაჩქარება სურთ, წერს ვაშინგტონში მდებარე ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW).

არალეგიტიმური რეფერენდუმების ჩატარება ოკუპირებული მიწების ანექსიას ისახავს მიზნად, წერია ISW-ს ანგარიშში.

მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი აცხადებს, რომ ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო საოკუპაციო ადმინისტრაციას რეფერენდუმის თარიღის გადადება რამდენჯერმე მოუწია.

ფედოროვის თქმით, თავდაპირველად კრემლი საყოველთაო „ხმის მიცემის“ ჩატარებას გეგმავდა, თუმცა ახლა შვიდ-დღიან რეფერენდუმს განიხილავენ, რომელში მონაწილეობა „სახლიდანაც“ იქნება შესაძლებელი.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი სერჰი ხლანი აცხადებს, რომ უკრაინული შორსმსროლელი არტილერიის (HIMARS) გახშირებული ცეცხლის გამო ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში რუსები რეფერენდუმისთვის „მომზადებას“ ვერ ახერხებენ.

ხლანის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარება კვლავ 11 სექტემბერს იგეგმება, რაც რუსეთში რეგიონული არჩევნების თარიღს ემთხვევა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში კიევი მოსკოვთან არავითარ მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები