რუსეთის არმია: ჩვენი მიზანი დონბასის და სამხრეთ უკრაინის დაკავებაა
რუსეთის მიზნები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეორე ეტაპის დროს დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებისა და ქვეყნის სამხრეთის აღებაა.
ამის შესახებ 22 აპრილს ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა რუსტამ მინეკაევმა განაცხადა, იუწყება ინტერფაქსი.
ინტერვენციის მეორე ეტაპი, მისი თქმით, "ორი დღის წინ დაიწყო".
მინეკაევმა თქვა, რომ "დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარება" რუსებს საშუალებას მისცემს მიიღონ სახმელეთო დერეფანი ყირიმისკენ და "ზეგავლენა მოახდინონ უკრაინის ეკონომიკის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე".
ასევე, მისი თქმით, უკრაინის სამხრეთის დაკავება რუსებს საშუალებას მისცემს მიიღონ წვდომა დნესტრისპირეთზე, მოლდოვის ადმინისტრაციულ ერთეულზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოფიციალურად აღიარა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად. დნესტრისპირეთში, მინეკაევის თქმით, "არის რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრის ფაქტები".