რუსეთის არმიაში მოქალაქეების რეკრუტირებისთვის ნეპალში 10 ადამიანი დააკავეს
ნეპალის პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა, რომლებიც უმუშევარ ახალგაზრდებს თაღლითობის გზით რუსეთში გზავნიდნენ, სადაც მათ ჯარში იწვევდნენ.
ამის შესახებ POLITICO წერს.
ეჭვმიტანილები ადამიანებს 9000 დოლარამდე ართმევდნენ "ტურისტული ვიზებისთვის" და მათ რუსეთში მესამე ქვეყნების, ძირითადად არაბთა გაერთიანებული საემიროების გავლით, გზავნიდნენ.
კატმანდუს რაიონის პოლიციის უფროსმა ბჰუპენდრა ხათრიმ განაცხადა, რომ ისინი რუსეთის ჯარში მიჰყავდათ და ეს ადამიანებით ვაჭრობა იყო.
Kathmandu Post-ის ცნობით, ნეპალის ხელისუფლებამ რუსეთს ადრე სთხოვა, მისი მოქალაქეები უკრაინაში საბრძოლველად არ წაეყვანა. უკრაინაში სულ მცირე ექვსი ნეპალი უკვე დაიღუპა.
ორშაბათს უკრაინელმა სამხედრო რეპორტიორმა ანდრეი ცაპლიენკომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია უკრაინის არმიის მიერ დატყვევებული ხუთი სამხედრო ტყვე. ვიდეოში ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია და ყველა რუსეთის 70-ე მოტომსროლელ პოლკში მსახურობს. მიუხედავად იმისა, რომ სამი დაღესტნიდან და რუსეთის სხვა ნაწილებიდანაა, ერთი ტყვე ამბობს, რომ ის ნეპალიდანაა.
"მებრძოლი საერთოდ არ საუბრობს რუსულად... ეს არის ნეპალიდან დაქირავებული მებრძოლი და როგორ გახდნენ ნეპალელები რუსი ოკუპანტები, ამას ცალკე გეტყვით," - წერს ცაპლიენკო.
ნეპალის პოლიციის განცხადებაზე კრემლს ჯერჯერობით ოფიციალური რეაქცია არ ჰქონია.
რუსეთი აქტიურად ცდილობს უცხოელების რეკრუტირებას უკრაინაში საბრძოლველად.