რუსეთის რეკრუტირების სისტემას პრობლემები აქვს, იზრდება მობილიზაციის შანსი
რუსეთის არმიაში მოხალისეთა რეკრუტირების სისტემას პრობლემები აქვს, სავალდებულო სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შანსი კი მუდმივად იზრდება.
რუსეთის არმიაში რეკრუტირების სისტემების წინაშე არსებულ გამოწვევებზე რამდენიმე გარემოება მეტყველებს.
გასულ დღეებში ვორონეჟის ოლქი მიმდინარე წელს რუსეთის 14-ე რეგიონი გახდა, რომელმაც არმიაში გაწევრიანების მსურველებისთვის ერთჯერადი ფინანსური კომპენსაციის მკვეთრი ზრდის შესახებ გამოაცხადა.
სავარაუდოა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი რეკრუტინგის სისტემა ვეღარ იზიდავს ფრონტზე საკმარისი რაოდენობის მოქალაქეებს - სწორედ ამაზე მეტყველებს ფინანსური კომპენსაციების მკვეთრი ზრდა.
ბრიტანული Financial Times-ის წყარო რუსეთის თავდაცვის სამინისტროში იუწყება, რომ წლის მიწურულს გარდაუვალია იძულებითი მობილიზაციის მეორე ტალღა.
კონტექსტი
ვორონეჟის გუბერნატორმა 23 მაისს განაცხადა, რომ რეგიონი 105 ათასი რუბლიდან 505 ათას რუბლამდე ზრდიდა ფრონტზე გამგზავრების მსურველთათვის განკუთვნილ ერთჯერად ფინანსურ კომპენსაციას. საყურადღებოა, რომ გარდა ადგილობრივი კომპენსაციისა მოხალისე 195 ათასს რუბლს იღებს ფედერალური მთავრობისგანაც.
ამგვარად ვორონეჟში არმიაში გაწევრიანების მსურველები ერთჯერადად დაახლოებით 700 ათასს რუბლს იღებენ, რაც რეგიონის საშუალო წლიურ ხელფასს საგრძნობლად აღამეტება.
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ერთჯერადი ფინანსური პაკეტის გაზრდის შესახებ ჯამურად უკვე რუსეთის 14 რეგიონში გამოაცხადეს:
- ბრიანსკი - 200 ათასიდან 400 ათას რუბლამდე;
- ასტრახანი - 150 ათასიდან 500 ათას რუბლამდე;
- ირკუტსკი - 200 ათასიდან 400 ათას რუბლამდე;
- ჩელიაბისნკი- 75 ათასიდან 225 ათას რუბლამდე;
- სმოლენსკი - 200 ათასიდან 250 ათას რუბლამდე;
- იაროსლავი - 210 ათასიდან 310 ათას რუბლამდე;
- ნოვოსიბირსკი - 100 ათასიდან 205 ათას რუბლამდე;
- თათრეთი - 305 ათასიდან 400 ათას რუბლამდე;
- ადიღე - 300 ათასიდან 500 ათას რუბლამდე;
ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მიმდინარე წლის მარტი-აპრილში, როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ერთჯერადი ფინანსური კომპენსაციების ზრდის შესახებ ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადეს როსტოვის, ვლადიმირის, ბაშკორტოსტანისა და კრასნოდარის ოლქის გუბერნატორებმა.
კრასნოდარის შემთხვევაში ეს მიმდინარე წელს უკვე მესამე შემთხვევა - სწორედ ამ რეგიონის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ყველაზე მაღალი ფინანსური კომპენსაციის მიღება, ჯამურად დაახლოებით 1 მილიონი რუბლი.
არმიაში რეკრუტირებულთა რიცხვის კლების შესახებ მეტყველებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ აპრილში გამოქვეყნებული რიცხვებიც. ამ მაჩვენებლიდან გამომდინარეობდა, რომ არმიაში ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მესამედით იყო შემცირებული.
რეგიონებში რეკრუტირების პრობლემებზე წერს Financial Times - გაზეთის წყარო კრასნოიარსკის ოლქიდან ამბობს, რომ ამჟამად მისი ოლქიდან ფრონტზე უსალხკაროებს, პატიმრებსა და ლოთებს უშვებენ. ამავე წყაროს ცნობით, ქალაქის ცენტრალური ოკრუგიდან თებერვალში არმიაში მხოლოდ 2 მოქალაქე ჩაირიცხა.
გაზეთი წერს, რომ რუსეთში უკვე დაიწყო სხვადასხვა დანაშაულებში ბრალდებულებისა და ეჭვმიტანილების სისტემური გადაბირებაც. თებერვლის მიწურულს Коммерсант წერდა, რომ გამომძიებლები სულ უფრო ხშირად უტოვობენ ბრალდებულებსა და ეჭვმიტანელებს არმიის ბროშურებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.
2023 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეთაურეობით შექმნილმა სისტემამ, რომლის მთავარი მიმზიდველი ძალა რუსეთის სტანდარტით ძალიან მაღალი ანაზღაურება იყო არმია ასობით ათასი მოხალისით უზრუნველყო.
რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სერგეი შოიგუ ირწმუნებოდა, რომ 2023 წელს რუსეთის არმიაში გასულ წელს 540 ათასზე მეტი მოხალისე გაწევრიანდა.
უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ცნობით, ჯამურად საუბარია 385 ათას მოხალისეზე. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) დირექტორი, კირილო ბუდანოვი ამბობდა, რომ თვეში საუბარია დაახლოებით 30 ათასს მოხალისეზე.
ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდლის, კრისტოფერ კავოლის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რუსეთის არმიაში პირადი შემადგენლობის ამჟამინდელი რიცხვი 15%-ით უფრო მეტია, ვიდრე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას.
დასავლელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ბრძოლის ველზე უპირატესობის შესანარჩუნებლად რუსეთი გარკვეულ ეტაპზე იძულებული იქნება მობილიზაციის მეორე ტალღა გამოაცხადოს. მათი შეფასებით, მობილიზაციის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებს მასშტაბური იერიშების წამოწყებას.