რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსი ლარსზე: დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა გავარღვიეთ
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია.
"ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს, ახლა ზემო ლარსზე ირღვევა. ჩვენ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნით 15 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეგვიძლია," - განაცხადა მან.
დავიდოვის თქმით, გასულ წელს, 5.5 თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟომ ორივე მიმართულებით 5.6 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში - უკვე 7.8 მილიონი ტონა.
"ვფიქრობ, რომ წელს ჩრდილოეთ კავკასიაში 15 მილიონ ტონა ბრუნვას გადავაჭარბებთ. მხოლოდ ზემო ლარსში გვაქვს სავაჭრო ბრუნვის 20%-ზე მეტი ზრდა," - განაცხადა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
საბაჟოს ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისს სატვირთო ტრანსპორტისთვის დამატებითი კონტროლის ხაზების ამოქმედების შემდეგ, საზღვარს ყოველდღიურად საშუალოდ დაახლოებით 1.2 ათასი სატვირთო მანქანა კვეთს, ხოლო რეკონსტრუქციამდე - ათასზე ნაკლები კვეთდა.
დავიდოვი ჩრდილოეთ ოსეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში "ზემო ლარსის" საგუშაგოს ესტუმრა.