აშშ უკრაინას $2 მილიარდის სამხედრო დახმარებას გადასცემს

24 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომლის გაცემის გადაწყვეტილებაც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.

"ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთმა დაიწყო მშვიდობიან და დემოკრატიულ მეზობელ ქვეყანაში, უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი შეჭრა. ერთი წლის შემდეგ, შეერთებული შტატების ვალდებულება უკრაინას, დაახლოებით 50 ქვეყანასთან ერთად, საჭირო დახმარება გაუწიოს, მხოლოდ გაძლიერდა." - ნათქვამია განცხადებაში.

პენტაგონი დარწმუნებულია, რომ ახალი პაკეტი ხელს შეუწყობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და უკრაინელი ჯარისკაცების უნარს, მოიგერიონ რუსული აგრესია.

კერძოდ, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს დამატებით უპილოტო საფრენ აპარატებს, დრონების აღმომჩენ სისტემებს, ელექტრონული ომის საშუალებებს და კრიტიკული საბრძოლო მასალის მარაგს.

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, თუ რა შედის უკრაინის სამხედრო დახმარების 33-ე პაკეტში:

  • დამატებითი საბრძოლო მასალ საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS);
  • 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;
  • საბრძოლო მასალა ლაზერით მართვადი სარაკეტო სისტემებისთვის;
  • დრონები CyberLux K8;
  • დრონები Switchblade 600;
  • დრონები Altius-600;
  • დრონები Jump 20;
  • უპილოტო საფრენ აპარატებთან დაპირისპირების, ელექტრონული ომის და დრონების იდენტიფიცირების საშუალებები;
  • განაღმვის საშუალებები;
  • უსაფრთხო კომუნიკაციის მოწყობილობები;
  • დაფინანსება წრთვნებისა და ტექნიკის მოვლისთვის.

დახმარება უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში. დახმარების სხვა პაკეტებისგან განსხვავებით, რომლის მიწოდებაც უშუალოდ აშშ-ს მარაგებიდან ხდება და სწრაფად იგზავნება უკრაინაში, USAI-ის პაკეტებს ინდუსტრიას უკვეთავენ.

მსგავსი სიახლეები