რუსეთმა უკრაინაში საომრად ქვეყნის 10 ათასი 'ახალი' მოქალაქე გაგზავნა

რუსეთში შრომით მიგრანტად ჩასული 10 ათასზე მეტი ადამიანი, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნეს. 

ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა. 

"1 წლის წინ ჩვენს დანაყოფებს რეგიონებში მივეცი განკარგულება შეექმნათ ადგილებზე მიგრანტებთან სამუშაო ჯგუფები. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ რეიდებში და იცით, ჩვენ ვნახეთ ხვრელი, რომლის შემდეგაც მიგრანტები რუსეთიდან ნელ-ნელა მიდიან. ჩვენ მივაგენით 30 ათასამდე ადამიანს, რომლებთაც რუსეთის მოქალაქეობა ცოტა ხნის წინ მიიღეს, მაგრამ არ სურდათ სამხედრო აღრიცხვაზე დადგომა. ჩვენ ისინი აღვრიცხეთ და უკვე დაახლოებით 10 ათასი ასეთი მოქალაქე სპეციალური სამხედრო ოპერაციის (რედ. ასე უწოდობენ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს) ზონაში გავგზავნეთ" - განაცხადა ბასტრიკინმა. 

საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა სახელმწიფო დუმას მოუწოდა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ კანონი მიგრაციის შესახებ. ალექსანდრ ბასტრიკინის თქმით, უკეთესი იქნება თუ ქვეყანა მის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად რესურს საკუთარ თავში გამონახავს. 

კონტექსტი 

2023 წლის განმავლობაში მთელი რუსეთის ტერიტორიაზე მკვეთრად გაიზარდა ე.წ. ანტი-საემიგრაციო საპოლიციო რეიდების რიცხვი. ამ რეიდების დროს აკავებენ რუსეთის 'ახალ' მოქალაქეებს, ძირითადად კაცებს და აყენებენ სამხედრო აღრიცხვაზე. 

გასული თვეების განმავლობაში ასეთი რეიდები ჩატარდა სანტ-პეტერბურგში, პოდმოსკოვიეში, ვორონეჟში, ჩუვაშიაში, კრასნოიარსკსა და პრიმორსკში. 

მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ ეკატერინბურგში ერთ-ერთი ასეთი რეიდის დროს დაკავებული მიგრანტებიდან 160-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. 

მსგავსი სიახლეები