რუსული მედია: პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა
ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა - ეს კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პრიგოჟინთან მიღწეული შეთანხმების საკვანო ნაწილი იყო.
იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების მუხლით საქმე კვლავ მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფო მედიამ დაწერა.
ვაგნერის დამფუძნებელმა მოსკოვზე მარში დაწყებიდან თითქმის 24 საათში შეაჩარე. პრიგოჟინის თქმით, მის ბოევიკებს დედაქალაქამდე 200 კილომეტრი რჩებოდათ.
ოფიციალური ვერსიით, პრიგოჟინთან მოლაპარაკებებს ბელარუსის დიქტატორი, ალექსანდრ ლუკაშენკა აწარმოება. ლუკაშენკას კანცელარია იტყობინებოდა, რომ მიღწეული შეთანხმებით ვაგნერელები ბანაკებში დაბრუნდებოდნენ, ხოლო პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმე შეჩერდებოდა და თავად ბელარუსში გადავიდოდა.
მოგვიანებით შეთანხმების დეტალები დაადასტურა ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც.
შეთანხმებას დიდი უკმაყოფილება მოყვა ე.წ. სამხედრო კორესპონდენტებსა და შავრაზმულ წრეებში. ვაგნერმა თავისი მარშის ფარგლებში რუსეთის-საჰაერო კოსმოსური ძალების 7 საჰაერო ბორტი ჩამოაგდო, 6 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი. Z-ბლოგერების ცნობით, დაღუპულია 13 რუსი პილოტი.
ვაგნერის მიერ მოწყობილ ამბოხზე დუმის დეპუტატმა და სამხრეთ სამხედრო ოლქის ყოფილმა უფროსმა, ანდრეი გურულიოვმა განაცხადა - "ომის დროს მოღალატეები უნდა გავანადგუროთ, ტყვია შუბლში პრიგოჟინისთვის ერთადერთი სასჯელია."
თავად პრიგოჟინი უკვე დაახლოებით 36 საათია არ გამოჩენილა, მისი ადგილმდებარეობა უცნობია. პრიგოჟინის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ის კავშირზე არ იმყოფება.