საბერძნეთი: ხელახალ არჩევნებში მმართველმა პარტიამ პოზიციები გაიმყარა
საბერძნეთის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში, მმართველმა პატიამ, ახალმა დემოკრატიამ გაიმარჯვა.
პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ ხმების 40.5% მიიღო და 300 საპარლამენტო მანდატიდან 158-ით უმრავლესობა გაინაღდა.
მეორე ადგილზე მიცოტაკისის წინამორბედის, ალექსის ციფრასის მემარცხენე პარტია, სირიზა გავიდა 17.84%-ით.
საბერძნეთში ხელახალი არჩევნები იმიტომ ჩატარდა, რომ მაისში გამართულ არჩევნებში უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა.
ასეთ შემთხვევაში, საბერძნეთის საარჩევნო კანონმდებლობა განმეორებით არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას დიდ უპირატესობას აძლევს. ამგვარად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ დამატებით 50 საპარლამენტო მანდატი მიიღო, რამაც ერთპარტიული უმრავლესობა უზრუნველყო.
კირიაკოს მიცოტაკისი თანამემამულეებს გადასახადების შემცირებას, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებას ჰპირდება.
"ხალხმა დამაჯარებელი უმრავლესობა გვანდო. დიდი რეფორმები მალე გატარდება", - თქვა გამარჯვებულმა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, მოსახლეობას სასწაულებს არ ჰპირდება, თუმცა ახალ დემოკრატიას მაღალი მიზნები ამოძრავებს და პარტია გეგმავს, ქვეყნის ჯანდაცვისა და განათლების სფეროები გარდაქმნას.
მაისთან შედარებით, აქტივობამ 8% იკლო - გუშინდელ არჩევნებზე ბერძენი ამომრჩევლების 53%-მა მისცა ხმა.