ბერძენი ფერმერები ათენში მასშტაბურ აქციას აანონსებენ

ბერძენი ფერმერები ათენში მასშტაბურ საპროტესტო აქციაც აანონსებენ. მათი განცხადებით, ისინი პარლამენტის წინ ტრაქტორებით მივლენ.

ბერძენი ფერმერები წარმოების ხარჯების ზრდას და ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებულ რეფორმებს აპროტესტებენ.

დემონსტრანტების განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 2013 წლიდან 550 მილიონი ევროთი შემცირდა. ფერმერები დაფინანსების ზრდას, გადასახადების შემცირებას, იმპორტირებული პროდუქტის კონტროლს, ასევე, ელექტორენერგიისა და საწვავის გაიაფებას მოითხოვენ.

„ის თანხა, რასაც პრემიერ-მინისტრი წარმოების ხარჯების შესამცირებლად გვაძლევს, უმნიშვნელოა. თუ მას სურს, რომ საბერძნეთში დავრჩეთ და ემიგრაციაში არ წავიდეთ, ჩვენი პრობლემები უნდა მოაგვაროს“, - კოსტას ძელასი, ფერმერთა ფედერაციის ლიდერი.

ბერძენ ფერმერთა გაერთიანება პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან მოლაპარაკებებს კვირების განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა მმართველი პარტიის, „ახალი დემოკრატიის“ მიერ დაანონსებული ზომები სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს არ აკმაყოფილებთ.

მთავრობის განცხადებით, ის მზად არის, რომ ფერმერებისთვის საგადასახადო შეღავათების უფრო სტაბილური სქემა განიხილოს მომავალში, თუმცა მიმდინარე წელს შეღავათის გაწევა შეუძლებელია.

„ჩვენ მეტი არაფერი გვაქვს გასაცემი“, - კირიაკოს მიცოტაკისი.

კონტექსტი

2023 წლის დეკემბრიდან ევროპის კონტინენტი ფერმერების მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ქვეყნების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების პრობლემები და მათ მიმართ ხელისუფლების მიდგომა ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, მათ შორის ევროპის მწვანე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ევროპული გაერთიანების საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა (CAP), რაც ევროპელ ფერმერთა საერთო წუხილის მიზეზს წარმოადგენს.

მაგალითისთვის, ლიეტუველი, პოლონელი, იტალიელი, ფრანგი, ბელგიელი, ბულგარელი და რუმინელი ფერმერების უკმაყოფილებას ევროპის კავშირის რეგულაციები და იაფი იმპორტი იწვევს, საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის - გაზრდილი წარმოების ხარჯები და ევროპული გაერთიანების საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკით გათვალისწინებული გადასახადები.

ევროპელი ფერმერები აცხადებენ, რომ ისინი პროდუქციას ევროპის კავშირის მკაცრი რეგულაციები პირობებში აწარმოებენ, რაც მათ წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის და საკვების დაბალ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას გამორიცხავს. მაღალი ფასის გამო ევროპელ ფერმერთა პროდუქცია იმპორტირებულ იაფ საკვებს კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც ფერმერი შემოსავალს კარგავს.

მსგავსი სიახლეები