საფრანგეთში ფერმერები პარიზის ალყაში მოქცევით იმუქრებიან

ფრანგი ფერმერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემცირებას მოითხოვენ. პროტესტანტებმა ძირითადი ქუჩებისა და მაგისტრალების გადაკეტვა დაიწყეს და პარიზის ალყაში მოქცევითაც იმუქრებიან. 

"ჩვენ გვჭირდება პასუხები. ეს არის საბოლოო ბრძოლა სოფლის მეურნეობისთვის. ეს გადარჩენის საკითხია", - კარინ დიუკი, ფერმერი.

ფერმერების განცხადებით, დაწესებული რეგულაციები შეუძლებელს ხდის, რომ მათ კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნების მწარმოებლებს.

ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და აეროპორტების სტაბილური ფუნქციონირებისთვის 15 000 პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული.

„ჩვენ არ ვაპირებთ დავუშვათ სასურსათო მაღაზიების, სამთავრობო და საგადასახადო შენობების დაზიანება, სატვირთო მანქანების, რომლებიც უცხოური პროდუქციის ტრანსპორტირებას ახდენენ, შეჩერება. ცხადია, ეს მიუღებელია“, - ჟერალდ დარმანინი, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

პარალელურად საფრანგეთში, ფერმერთა პროტესტის გარდა, დემონსტრაციები იმართება ახალ საიმიგრაციო კანონთან დაკავშირებით.

გასული წლის დეკემბერში საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ სამთავრობო კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახალი კანონი გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციას ამარტივებს, მნიშვნელოვნად ამცირებს მათთვის სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას. ასევე, აღნიშნული კანონი მიგრანტების მიერ საფრანგეთში საკუთარი ოჯახის წევრის/წევრების ჩაყვანას ართულებს.

საფრანგეთში მიგრანტებისთვის განსაკუთრებით ფართო სოციალური ბენეფიტები არსებობდა, რომლითაც ისინი ბინის ქირის შეღავათებს, ყოველთვიურ დახმარებას და შვილებისთვის ცალკე ფინანსურ შემწეობას იღებდნენ.

25 იანვარს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ პარლამენტის მიერ მიღებული საიმიგრაციო კანონის დიდი ნაწილი, 86 მუხლიდან 35, უარყო.

 

 

მსგავსი სიახლეები