სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარს ჟურნალისტი ალექს რაიფოღლუ სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
"ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. ჩვენ გვაქვს ქართველ ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია უფრო მშვიდობიანი, წარმატებული, დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად.
2008 წელს კრემლი საქართველოში შეიჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ამავდროულად, იგი აგრძელებს სასტიკ, აგრესიულ ომს უკრაინაში. ჩვენ ვართ საქართველოს გვერდით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", - ციტირებს მეთიუ მილერს ალექს რაიფოღლუ.
26 აგვისტოს რუსეთის საგარეო დაზვერვამ განაცხადა, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს. ეს ამ უწყების მიერ გაკეთებული მეორე მსგავსი განცხადებაა ბოლო ორ თვეში.
როგორც რუსული სახელმწიფო მედია წერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრზე დაყრდნობით, „თეთრ სახლში უკიდურესად უკმაყოფილო არიან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანახმად, "ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრ მოხალისეს აგროვებენ ხმის მიცემის მიმდინარეობაზე მჭიდრო დაკვირვებისთვის, მათ უყენებენ ამოცანას, გამოავლინონ და დააფიქსირონ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების „გარდაუვალი ფაქტები“.
უწყების ცნობით, „თბილისის მაიდანზე“ გეგმავენ არჩევნების „გაყალბების მტკიცებულებების“ აღმოჩენას, არჩევნების შედეგების არაღიარების გამოცხადებას და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნას. "ეცდებიან სამართალდამცავების პროვოცირებას, პროტესტის ძალით ჩახშობის იძულების მიზნით".