სახ.დეპი: ოცნების ათეულობით წევრს და ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუვები დავუწესეთ

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მმართველი პარტიის "ათეულობით" წევრს, მათი ოჯახის წევრებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევაში მხილებულ სამართალდამცველებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. 

ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულები არიან, ქართული ოცნების ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ასევე განცხადებებით და რიტორიკით. ეს ქმედებები რისკს უქმნის საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე და ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის სურვილებს",- განაცხადა მეთიუ მილერმა ბრიფინგის დასაწყისში. 

პრესსპიკერის თქმით, სავიზო შეზღუდვები დაწესება ცოტა ხნის ენტონი ბლინკენის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პოლიტიკის ფარგლებში მოხდა. 

"დღეს, ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვუწესებთ სავიზო შეზღუდვებს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს. სია მოიცავს ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, ან მხარს უჭერდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და ასევე მათი ოჯახის წევრებს. მათ შორის შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელის შეშლაში, ასევე მშვიდობიანი დემონსტრანტებზე თავდასხმაში მონაწილე პირებს. გარდა ამისა, პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებასა და პირებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის დავალებით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. სანქცირებული პირთა პირველი სია შედგება: ქართული ოცნების წევრების, პარლამენტის დეპუტატების, სამართალდამცველებისა და კერძო მოქალაქეებისგან" - განაცხადა მილერმა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, უწყებაში იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის პოლიტიკას, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ მზად არის შემდგომი ნაბიჯებისთვის. 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ კონკრეტულად რამდენი ადამიანია სანქცირებული მილერმა განაცხადა, რომ საუბარია რამდენიმე ათეულზე, "დაახლოებით 2-3 ათეულზე" და დასძინა, რომ ეს მხოლოდ პირველი სიაა. 

მილერის თქმით, სანქცირებული პირები წინასწარ გაფრთხილებულები არ ყოფილან და შესაძლოა მხოლოდ ის პირები გაეფრთხილებინათ, რომლებსაც უკვე აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ვიზა.

მილერის თქმით, კანონმდებლობის თანახმად ვიზების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და აშშ არ გაასაჯაროვებს სანქცირებული პირების ვინაობას.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენი სიაა მოსალოდნელი მილერმა განაცხადა - "ამ კითხვაზე დღეს ვერანაირ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგცემთ, შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვართ დამატებითი სანქციების დასაწესებლად და ასევე მივიღებთ სხვა შესაბამის ზომებს."

 

მსგავსი სიახლეები