სალივანმა ბაიდენისა და ზელენსკის მოლაპარაკების დეტალებზე ისაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 თებერვალს, კიევში მოლაპარაკებების დროს ყურადღება გაამახვილეს საომარი მოქმედებების მომდევნო რამდენიმე თვეზე. ამის შესახებ 20 თებერვალს, CNN აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

სალივანის თქმით, კიევში ვიზიტის დროს ბაიდენი "ძალიან იყო ორიენტირებული" უკრაინაში მისი შეზღუდული დროის მაქსიმალურად გამოყენებაზე.  

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ბაიდენმა და ზელენსკიმ განიხილეს მომავალი თვეები სამხედრო პერსპექტივაში და რა შესაძლებლობები სჭირდება უკრაინას ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად.

CNN სალივანზე დაყრდნობით იუწყება, სახელმწიფოთა ლიდერებმა ისაუბრეს უკრაინის საჭიროებებზე ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაში, მეომარი ქვეყნის ჰუმანიტარულ საჭიროებებზე და აუცილებელ ეკონომიკურ მხარდაჭერაზე.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა აღნიშნა, რომ მათ ასევე ისაუბრეს "ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეზე."

მან განაცხადა, რომ ბაიდენი "აღფრთოვანებული" იყო უკრაინაში მოგზაურობისას, რადგან ამ ვიზიტს უყურებდა, როგორც მნიშვნელოვან მისიას.

სალივანის თქმით, ბაიდენ-ზელენსკის მოლაპარაკებები იმ დროს შედგა, როდესაც ომის "კრიტიკული მომენტია", რადგან რუსეთი საგაზაფხულო შეტევისთვის ემზადება და უკრაინა იმედოვნებს ოკუპანტის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბუნებას.

მსგავსი სიახლეები