სამხრეთ კორეის დაზვერვის თანახმად, ჩრდილო კორეელი სამხედროები რუსეთში იმყოფებიან
18 ოქტომბერს, სამხრეთ კორეის დაზვერვამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ჯარისკაცების პირველი პარტია გაგზავნა, რომლებსაც სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ საომრად გამოიყენებენ, ხოლო, სარაკეტო ძალების ოფიცრები უკვე ფრონტზე იმყოფებიან.
დაზვერვის თანახმად, 1500 ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში უკვე იმყოფება და აქტიურ საბრძოლო სწავლებებს გადის.
ამასთანავე, სამხრეთ კორეის დაზვერვა ირწმუნება, რომ ჩრდილო კორეელ ჯარისკაცებს რუსეთმა საკუთარი არმიის ფორმა და პასპორტები დაურიგეს.
გარდა ამისა, Reuters-ი სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ მიიღო გადაწყვეტილება, გაგზავნოს 12 ათასი ჯარისკაცის რუსეთში, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთვებიან.
გამოცემა Reuters-ი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეყრდნობა, აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, პარასკევს, უსაფრთხოების დაუგეგმავი შეხვედრა გამართა, რომელსაც დაზვერვის, არმიისა და ეროვნული უსაფრთხოების წამყვანი ფიგურები ესწრებოდნენ. განხილვის თემას ჩრდილოეთ კორეული დანაყოფების უკრაინის წინააღმდეგ ომში შესაძლო ჩართვა წარმოადგენდა.
სამხრეთ კორეელი სახელმწიფო ჩინოვნიკების თანახმად, გარკვეული რაოდენობის ჩრდილო კორეელი სამხედროები უკვე იმყოფებიან რუსეთში და, სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედებებშიც მიიღეს მონაწილეობა, თუმცა, მასშტაბებსა და ამოცანებზე დამატებითი დეტალები არ მოუწოდებიათ.
18 ოქტომბერს, ჩრდილო კორეელი მებრძოლების შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კირილო ბუდანოვმა.
მისი თქმით, დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცის წვრთნებს აღმოსავლეთ რუსეთში გადის და 1 ნოემბრიდან ისინი მზად იქნებიან უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად.
ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ 2600 ჯარისკაცისგან შემდგარი პირველი დანაყოფი კურსკის რეგიონში გაიგზავნება.
ჩრდილო კორეელი მებრძოლების შესახებ საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. ბრიუსელში ყოფნისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას, უკრაინის წინააღმდეგ საომრად, 10 ათასი მებრძოლი მზად ჰყავს.
ოფიციალური მოსკოვისა და ფხენიანის სამხედრო თანამშრომლობა, უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა; ორი ქვეყნის პირველი პირი ერთმანეთსვე ივნისში შეხვდნენ და ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას მოაწერეს ხელი. ამასთანავე, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებითა და საარტილერიო ჭურვებით ამარაგებს.