სანდუ: რუსეთს მოლდოვაში პრორუსული მთავრობის მოყვანა სურს

რუსეთს სურს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ ომში ისევე გამოიყენოს, როგორც ბელორუსს იყენებს. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 29 მარტს ტელეკომპანია Vocea Basarabiei-ის ეთერში განაცხადა.

სანდუმ რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ კითხვას უპასუხა.

"რუსეთი ცდილობს დაამხოს მთავრობა და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. ცხადია, რომ რუსეთი ცდილობს კიშინოვში პრორუსული მთავრობის მოყვანას, რათა მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ბელორუსის შემთხვევაში", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მან გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადება ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების მზადყოფნის შესახებ.

"თქვენ ნახეთ კრემლის ბოლო განცხადებები, რომ ისინი განათავსებენ ატომურ იარაღს ბელორუსის ტერიტორიაზე. ეს არის ის, რისი გაკეთებაც რუსეთს მოლდოვას შემთხვევაშიც სურს. თუმცა, დღეს მოლდოვაში არის დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც არჩეულია მისი მოქალაქეების მიერ. მუშაობს მოქალაქეებისა და მოლდოვის საკეთილდღეოდ, ამიტომ მისი გამოყენება შეუძლებელია ისე, როგორც პრორუსული მთავრობის მოსვლის შემთხვევაში გამოიყენებს", - განაცხადა სანდუმ.

მსგავსი სიახლეები