სანდუმ მოლდოველებს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად კიშინოვში შეკრებისკენ მოუწოდა
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოქალაქეებს მოუწოდა, 21 მაისს, კიშინოვში ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბონ.
სანდუს თქმით, კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე შეკრება მოქალაქეებს იმიტომ სთხოვა, რომ "მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ."
"მინდა პირდაპირ მივმართო ხალხს, თუნდაც რაღაც პრეტენზიები გვქონდეს, განსხვავებული მოსაზრებები, ახლა არ არის ჩხუბის და კამათის დრო, ახლა გაერთიანების დროა. რადგან გადამწყვეტ მომენტებში დიდი გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკოსების მიერ არ მიიღება", - აღნიშნა სანდუმ.
გარდა ამისა, მან მოლდოვის ყველა პროევროპულ პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანა ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.
"მოგიწოდებთ აუხსნათ მათ, ვინც ჯერ კიდევ ეჭვობს, რომ მოლდოვის რესპუბლიკის მომავალზე გადაწყვეტილებები მოლდოვაში მიიღება. დროა მოლდოველებმა აჩვენონ, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც შეუძლია დაიცვას დემოკრატია და მშვიდობა. მოვიდა დრო ყველასთვის, დასავლეთსა და აღმოსავლეთში, იყვნენ ერთიანები და გაბედულები ამ გადამწყვეტ მომენტებში", - დასძინა პრეზიდენტმა.
2022 წლის ივნისში ევროკომისიამ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გასცა, თუმცა ხელისუფლებას გარკვეული რეფორმების გატარება მოსთხოვა. კერძოდ, მოლდოვამ უნდა დაასრულოს მართლმსაჯულების სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, შეასრულოს ეუთოსა და ვენეციის კომისიის მიერ მართლმსაჯულების სფეროში გაცემული რეკომენდაციები.
ასევე, მოლდოვამ კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულებები ყველა დონეზე უნდა შეასრულოს. გარდა ამისა, აუცილებელია მოხდეს "დეოლიგარქიზაცია", ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე პიროვნული ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დასრულება და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
იანვრის დასაწყისში მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვამ 35 რეკომენდაციიდან 16 შეასრულა, რომლებიც 2022 წლის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წინსვლისთვის და კიდევ ცხრა დასრულების ეტაპზე იყო.