სანდუს დნესტრისპირეთში კონფლიქტის მოგვარების "გეოპოლიტიკური შესაძლებლობის" სჯერა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ არ გამორიცხავს, რომ უახლოეს წლებში გაჩნდეს "გეოპოლიტიკური შესაძლებლობა," რომელიც მოაგვარებს დნესტრისპირეთის რეგიონში კონფლიქტს.
"ჩვენთვის მთავარ მიზნად რჩება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენ ვცდილობთ საკითხი გადავწყვიტოთ ეტაპობრივად, დიდი ხმაურის გარეშე," - განაცხადა სანდუმ.
მას ასევე სჯერა, რომ დნესტრისპირეთის რეგიონში "მათ სურთ მშვიდობა, ისევე როგორც აქ."
"ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ მოძრაობდნენ ომის დასაწყისში მარცხენა სანაპიროდან ახალგაზრდები მარჯვნივ, იმის შიშით, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად (რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში - რედ.) გაგზავნიდნენ... ჩვენ მოვახდენთ ევროინტეგრაციის (დადებითი) ეფექტის დემონსტრირებას და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება უარი თქვან ევროინტეგრაციაზე," - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მთავარ პრობლემად რეგიონში რუსული ჯარების ყოფნა რჩება.
"ჩვენ ვხედავთ, როგორ გამოხატავენ აქ "კრემლის მსახურები" დილიდან საღამომდე შეშფოთებას მოლდოვის ნეიტრალიტეტის გამო. მაგრამ მოლდოვის ნეიტრალიტეტის სტატუსს არღვევს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია. სხვა არცერთი ქვეყანა არ არღვევს ნეიტრალიტეტს," - ხაზგასმით აღნიშნა სანდუმ.
მანამდე მოლდოვის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი "სამშვიდობოების" კონტინგენტმა დნესტრისპირეთში, სადაც არ არის როტაცია ან მხარდაჭერა, უკანონოდ მიიღო შეიარაღება, რომელიც ამ ძალებს ადრე არ გააჩნდათ.