სანქციები სახელმწიფო ვალზე და დიპლომატების გაძევება - აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს
ახალი სანქციები, რომლის შესახებაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დღეს გამოაცხადებს, შეეხება ოპერაციებს რუსეთის სახელმწიფო ვალთან. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია 10 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს გააფართოვოს აშშ-ის მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო ვალთან და ფასიან ქაღალდებთან ფინანსურ ოპერაციებს შეეხება. აშშ-ის ფინანსური ინსტიტუციები ვეღარ შეიძენენ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროს და სარეზერვო ფონდის მიერ გამოშვებულ სახელმწიფო ობლიგაციებს. სავარაუდოდ შეზღუდვა ძალაში მიმდინარე წლის 14 ივლისიდან ამოქმედდება.
ახალი სანქციები რუსეთის მიერ ორგანიზებული კიბერშეტევებისა და არჩევნებში ჩარევის მცდელობის საპასუხო ქმედებაა. ოფიციალურად ახალი სანქციების შესახებ თეთრ სახლში დღეს, 15 აპრილს გამოაცხადებენ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდება ათობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს. საუბარია პირებზე, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებენ რუსეთის მთავრობასა და სპეცსამსახურებში. შეზღუდვები შეეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც რუსეთის გარეთ მაგრამ კრემლის ინტერესებში მოქმედებენ. შესაძლოა სანქციები შეეხოს იმ მედიებსაც, რომლებიც 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, სანქციების გარდა, მოსალოდნელია, რომ აშშ-დან 10 რუსი დიპლომატი გააძევონ. ამგვარი ქმედება განიხილება არამხოლოდ კიბერშეტევებისა და არჩევნების ჩარევის მცდელობისთვის, არამედ ყირიმის ოკუპაციისა და ავღანელი თალიბებისთვის რუსული სპეცსამსახურების მიერ ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის შეთავაზებული ფულადი ჯილდოს გამო.
აშშ-ის ხელისუფლებამ სამთავრობო ქსელში რუსი ჰაკერების შეღწევის ფაქტი 2020 წლის დეკემბერში გამოავლინა. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, კიბერშეტევა გრძელვადიან ხასიათს ატარებდა და რამდენიმე თვის განმავლობაში რუსებს ჰქონდათ წვდომა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, ნაციონალურ ტელეკომუნიკაციურ კომპანიასა და სხვა უწყებების დახურულ ინფორმაციაზე.
Washington Post-ის ინფორმაციით, კიბერშეტევების უკან ჰაკერთა გაერთიანება APT29 და Cozy Bear იდგა, რომელსაც თავის მხრივ რუსეთის საგარეო დაზვერვა [CВР] აკონტროლებს.
იმის შესახებ, რომ აშშ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას აპირებდა ამერიკული მედია ჯერ კიდევ თებერვალში წერდა, New York Times-ის ინფორმაციით, აშშ სანქციების გარდა რუსეთზე ფარული კიბერშეტევების განხორციელებასაც გეგმავს. თავის მხრივ კრემლი კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის არჩევნებში ჩარევას და კიბერშეტევების ორგანიზებს. გასულ კვირებში რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ახალ სანქციების საპასუხოდ გადამჭრელად იმოქმედებს.
მარტში Bloomberg წერდა, რომ დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსეთის სახელმწიფო ვალზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. ამაზე საუბარი იყო 2018 წელსაც, თუმცა მაშინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ამგვარ ნაბიჯს მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე ძალიან ნეგატიური გავლენა ექნებოდა. როგორც ჩანს ამ დროისთვის აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ახალ შეზღუდვებს ამჯერად აღარ ექნება ისეთივე უარყოფითი შედეგები, როგორც ადრე.
რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის თქმით, თუ დასავლეთის ქვეყნები დააწესებენ სანქციებს სახელმწიფო ვალის ოპერაციებთან, რუსეთის ხელისუფლება ამ ოპერაციებს ცალკეულ კომერციულ ბანკებთან შეთანხმებით განახორციელებს. მისი განმარტებით, ფინანსური სტრუქტურების დახმარების საკითხში ჩაერთვება რუსეთის ცენტრალური ბანკიც.
რუსი ეკონომისტების მონაცემებით, არარეზიდენტების წილი რუსეთის სახელმწიფო ვალში 20%-მდეა შემცირებული, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რუსეთის ფედერალურ ობლიგაციებში არარეზიდენტების მიერ ჩადებული თანხების მოცულობა 123 მილიარდი რუბლით შემცირდა - შესაძლო სანქციების დაწესების ფონზე ინვესტორებმა ფასიანი ქაღალდების გაყიდვა დაიწყეს.