სანქციების ფონზე რუსეთის საგარეო ვაჭრობაში ბარტერის წილი იზრდება

1990-იანი წლების შემდეგ პირველად რუსეთის საგარეო ვაჭრობის სქემაში ბარტერი დაბრუნდა — მიზეზი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული საბანკო და ფინანსური სანქციებია.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ჩინეთის საბაჟო სამსახურის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- ჩინურ-რუსულ ფინანსურ ურთიერთობებში ბარტერული სქემების გამოჩენის შესახებ Reuters აგვისტოშიც წერდა. სააგენტოს ცნობით, ჩინურ Longpan Oilfield Technology-ს გემების ძრავების სანაცვლოდ რუსი პარტნიორებისგან ალუმინის შენადნობებისა და ფოლადის მიღება სურდა.
- გამოცემამ სულ 8 ბარტერული შეთანხმება გამოავლინა, თუმცა მათი ფინანსური მასშტაბის დადგენა გარიგებების გაუმჭვირვალობის გამო ვერ შეძლო.
- წყაროების ცნობით, ბარტერული გაცვლა ჩინური მხარისთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება, განსაკუთრებით გასულ წელს აშშ-ის ხაზინისგან მიღებული გაფრთხილების შემდეგ, რომელიც რუსეთის დახმარების შემთხვევაში მეორადი სანქციების ამოქმედებაზე მიუთითებდა.
ჩაშლილად: ბარტერული გაცვლის ერთ-ერთი სქემის ფარგლებში ჩინური წარმოების ავტომობილების საფასური რუსულმა კომპანიამ ხორბლით გადაიხადა.
- კიდევ ერთი სქემის ფარგლებში რუსულმა კომპანიამ ჩინური საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სამშენებლო მასალების საფასური სელის მარცვლებით გადაიხადა.
- ცნობილია გარიგების შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩინური წარმოების მანქანა-დანადგარების საფასური რუსულმა კომპანიამ ალუმინის ნედლეულით გადაიხადა.
კონტექსტი: გამოცემის წყაროების თქმით, სანქციების ფონზე ბარტერული გაცვლა ჩინეთ-რუსეთის ფინანსური ანგარიშსწორების სულ უფრო პოპულარული სქემაა.
- „ბარტერული ოპერაციების რიცხვის ზრდა დედოლარიზაციისა და სანქციების მზარდი წნეხის სიმპტომია, რომლის დროსაც პარტნიორების ლიკვიდურობის პრობლემა სულ უფრო მწვავდება,“ — ამბობს გამოცემასთან საუბარში რუსულ-აზიური მრეწველების კავშირის გენერალური მდივანი, ბორის სპასსკი.
- ეკონომისტების შეფასებით, ბარტერული გაცვლები რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანამ შეიძლება სანქცირებული პროდუქციაც მიიღოს.
სიღრმისეულად: ბარტერული გაცვლები რუსეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 1990-იან წლებში. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წარმოქმნილ რეალობაში ბარტერული გაცვლები ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში დამკვიდრდა.
- მალევე ნათელი გახდა, რომ ამგვარი გაცვლები კორუფციის მაღალ რისკს ატარებდა — ფართოდ გავრცელდა ფიქტიური გარიგებები, რომელთა რეალური ღირებულების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.