საპრეზიდენტო დებატები: მოკლედ, რესპუბლიკელი კანდიდატების შესახებ

თბილისის დროის 24 აგვისტოს, 05:00 საათზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში რესპუბლიკური პარტიის 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი დებატები გაიმართება. ცნობილია, რომ მონაწილეობას 8 კანდიდატი მიიღებს, თუმცა, მათ შორის არ იქნება დონალდ ტრამპი. 

ყოფილმა პრეზიდენტმა დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მან ფოქს ნიუსის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ცალკე ჩაწერა ინტერვიუ, რომელსაც ახლა საკუთარი შოუ ტვიტერის პლატფორმაზე მიჰყავს. 

ამ სტატიაში, გთავაზობთ იმ ძირითად საკითხებს, რაც პირველი დებატის დროს, თითოეული კანდიდატის შემთხვევაში, შესაძლოა საყურადღებო აღმოჩნდეს. 

რონ დესანტისი

დონალდ ტრამპის შემდეგ, ფლორიდის მოქმედი გუბერნატორი, რესპუბლიკური პარტიის ყველაზე წონიან კანდიდატად აღიქმება. წლის დასაწყისისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდში, დესანტისის არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და ამ დრომდე, რთულად ამართლებს იმ მოლოდინებს, რაც მისი კანდიდატურის მიმართ არსებობს. 

დებატის დროს, სავარაუდოდ, რონ დესანტისი კონკურენტების მთავარი სამიზნე გახდება, თანაც იმ პირობებში, როდესაც დონალდ ტრამპი მონაწილეობას არ მიიღებს. მოსალოდნელია, რომ ფლორიდის გუბერნატორი მკაცრი პასუხისების დაბრუნებას შეეცდება. 

რონ დესანტისის მთავარ ამოცანას ტრამპისგან გამიჯვნა წარმოადგენს, ოღონდ ისე, რომ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები არ გაანაწყენოს. 

ვივეკ რამასვამი

რამასვამი შეძლებული მეწარმეა, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიაში პირველად მონაწილეობს. იგი, საკუთარ კამპანიას თავად აფინანსებს და პოლიტიკურ აუტსაიდერად მიიჩნევა. მისი მოსაზრებები, ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას - არაერთხელ დაიცვა დონალდ ტრამპი, აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების მინიმალური ასაკის 25 წლამდე აწევას და ჩინეთის შეკავებას ტაივანისთვის დახმარების გაზრდით, მათ შორის დამატებითი იარაღის მიწოდებით. 

ვივეკ რამასვამის თქმით, მას დებატებამდე განსაკუთრებული მომზადება არ გაუვლია, რადგანაც არ სურს, რომ "ზედმეტად მომზადებული" კანდიდატის შთაბეჭდილება დატოვოს. საინტერესოა, რამდენად გაამართლებს ეს მეთოდი. 

მაიკ პენსი

რამასვამისგან განსხვავებით, მაიკ პენსი პოლიტიკურ სცენაზე უცხო ადამიანი არ არის. იგი ცდილობს, რომ კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლების ხმები მოინადიროს. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მიზანია ადამაინები დაარწმუნოს, რომ 6 იანვარს მის მიერ დაკავებული პოზიცია სწორ იყო. შეგახსენებთ, რომ პენსმა უარი განაცხადა დახმარებოდა ტრამპს, ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის დელეგიტიმაციში. იგი, მკვეთრად გაემიჯნა ძალადობრივ შტურმს, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს მოხდა.

ბოლო თვეების განმავლობაში, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის კრიტიკას მოუხშირა. სავარაუდოდ, პირველ დებატში, მას მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ აღარ მოსწონს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ერთ დროს, მისი პოლიტიკური პარტნიორი იყო. 

ნიკი ჰეილი

სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი და გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ერთადერთი ფერადკანიანი ქალი კანდიდატია, რომელიც რესპუბლიკური პარტიის სახელით პრეზიდენტის კანდიდატობის მოპოვებას შეეცდება. 

მიუხედავად გამოცდილებისა, ნიკი ჰეილის კამპანია საკმაოდ სუსტია და ამ დრომდე, მის შანსებს, რეალურად ნაკლებად აღიქვამენ. მის განვლილ გზაზე დაფუძნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ჰეილი საკმაოდ ძლიერი და მეტოქეებისთვის რთული მოდებატეა, თუმცა რამდენად შეძლებს, ამ უნარების საპრეზიდენტო მარათონში გამოყენებას და აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას, რთული სათქმელია. 

კრის კრისტი

ნიკი ჰეილის მსგავსად, გამოცდილება კრის კრისტის ძლიერი მხარეც არის, რადგანაც იგი წლების განმავლობაში იყო ნიუ ჯერსის გუბერნატორი. გარდა ამისა, კრისტის 2016 წელს საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა დამარცხდა. იმ საპრეზიდენტო ციკლის დებატებიდან, ბევრს ახსოვს მისი პაექრობა მარკო რუბიოსთან, სადაც კრისტი აშკარად გამარჯვებული გამოვიდა. სავარაუდოდ, იგი ახლაც შეეცდება, რომ მსგავსი შედეგი გაიმეოროს. 

ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორის ძლიერ მხარედ მისი დებატების უნარი მიიჩნევა. გარდა ამისა, კრისტი დაუნდობლად აკრიტიკებს ტრამპს. თუმცა, რადგანაც პირველ დებატში ტრამპი მონაწილეობას არ იღებს, უცნობია, რამდენად მოახერხებს ის ამომრჩევლების სიმპათიის მიღებას. 

ტიმ სკოტი

ოპტიმისტური და კონსტრუქციული იმიჯით, სენატორი ტიმ სკოტი ცდილობს, რომ მხარდამჭერა გაზარდოს. 

სკოტი შავკანიანი, კონსერვატორი კანდიდატია, რომელიც სხვებისგან განსხვავებით, ნაკლებად გამოირჩევა კოლეგების კრიტიკით. იგი შეეცდება, რომ რესპუბლიკელ ამომრჩევლებს, საკუთარი თავი, დონალდ ტრამპის ძლიერ ალტერნატივად დაანახოს. 

დაგ ბარგამი

ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსი, რომლის საარჩევნო მარათონში ჩართვაც, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. დაგ ბარგამი ჩრდილო დაკოტას გუბერნატორია, რომელსაც ზურგს სამეწარმეო გამოცდილება უმაგრებს. 

ბევრი ამომრჩევლისთვის უცხო კანდიდატი შეეცდება, რომ საკუთარი ბიზნეს წარსული და მოქმედი პოლიტიკური კარიერა იმგვარად გააერთიანოს, რომ მოსახლეობისთვის სასურველი კანდიდატი გახდეს. 

ასა ჰაჩინსონი

არკანზასის ყოფილი გუბერნატორი, რესპუბლიკური პარტიის იმ წევრებს მიეკუთვნება, რომლებიც ტრამპს უმწვავესად აკრიტიკებენ. ჰაჩინსონის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, სწორად იმის მიუღებლობაა, რასაც ექსპრეზიდენტი განასახიერებს. 

ჰაჩინსონს და კრის კრისტის ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ, რადგანაც ორივე კანდიდატი ყოფილი პროკურორია. სავარაუდოა, რომ ისინი ერთობლივად შეეცდებიან ტრამპის წინააღმდეგ არსებულ საქმეებზე ყურადღების გამახვილებას. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევები

რესპუბლიკური პარტიის პირველი პრაიმერი აიოვას შტატში, 2024 წლის 15 აგვისტოს ჩატარდება.

უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევით, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მცირე შტატში რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებს შორის კანდიდატების რეიტინგი ასე ნაწილდება: 

დონალდ ტრამპი - 45%, რონ დესანტისი - 11%, ვივეკ რამასვამი - 9%, ტიმ სკოტი - 8%, ნიკი ჰეილი - 4%, მაიკ პენსი - 3%, კრის კრისტი - 2%, დაგ ბარგამი - 2% და ასა ჰაჩინსონი - 0%.

რაც შეეხება მხარდაჭერას მთელი ქვეყნის მასშტაბით. YouGov-ის კვლევით, დონალდ ტრამპი დიდი უპირატესობით ლიდერობს - 52%. მას მოსდევს რონ დესანტისი 12%-ით, მესამე ადგილზე კი ვივეკ რამასვამია 8%-ით.

სხვა კანდიდატების ხმები კი ასე ნაწილდება: ტიმ სკოტი - 4%, ნიკი ჰეილი - 3%, მაიკ პენსი - 2%, კრის კრისტი - 2% და დაგ ბარგამი - 1%.

*სტატია მომზადებულია ვაშინგტონ პოსტის, სიენენისა და აქსიოსის მასალებზე დაყრდნობით. 

მსგავსი სიახლეები