უკრაინელი საზღვაო ქვეითიების მეთაური მარიუპოლში: ვითარება კრიტიკულია
მარიუპოლში გამაგრებული 36-ე საზღვაო ქვეითების ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ქალაქის დებლოკირება, ან სამხედრო ან პოლიტიკური გზებით.
Українська правда-სთან საუბარში ვოლინა ამბობს, რომ ქალაქის მცველები ძალიან სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ და ოკუპანტები აგრესიულად გადმოდიან შეტევაზე.
საზღვაო ქვეითების მეთაურის თქმით, ქალაქში ვითარება კრიტიკულია და მისი გადარჩენა ან სასწრაფო სამხედრო ოპერაციას ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეუძლია.
ამავდროულად ვოლინას თქმით, ქალაქის დებლოკირება ჯერ კიდევ შესაძლებელია - "ეს შესაძლებელია და აუცილებელია ამის გაკეთება, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა ჩაერთონ გამოცდილი მეთაურები და უნდა მოხდეს ამისთვის აუცილებელი სამხედრო საშუალებების მობილიზაცია".
საზღვაო ქვეითების მეთაურის თქმით, მისი დანაყოფი ტყვედ არ ჩაბარდება, მაგრამ ვითარება უარესდება.
აზოვის ზღვის პირას მდებარე ქალაქი პირველი მარტიდან სრულ ბლოკადაშია. ამ დროიდან მოყოლებული ქალაქში პრაქტიკულად ჰუმანიტარული კატასტროფაა. სხვადასხვა მონაცემებით ქალაქში გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა 10 ათასს აღემატებოდეს.