სერბეთი: კოსოვოსთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა სელაკოვიჩი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კოსოვოს პრემიერად ალბინ კურტი აირჩიეს, პრიშტინასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
კურტი, რომელმაც პრემიერის თანამდებობა გასული წლის მარტში დაიკავა, ბელგრადს ურთიერთობების გაუმჯობესების სანაცვლოდ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს.
„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა... სანამ პრიშტინაში კურტი ზის, დიალოგი არ გვაქვს და არც გვექნება“, - აცხადებს სერბეთის მთავარი დიპლომატი.
სელაკოვიჩის თქმით, მომავალ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარგზავნილთან, გაბრიელ ესკობართან და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, მიროსლავ ლაიჩაკთან გამართავს შეხვედრებს, რომელიც ბელგრადსა და პრიშტინას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას შეეხება.
კურტი 2000-ებში კოსოვარი ალბანელების ნაციონალისტური ორგანიზაციის ლიდერი იყო. მან მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2020 წლის თებერვალში, ხუთი თვით დაიკავა. ის პრემიერის პოსტს ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდა.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.