შარლ მიშელი: საქართველოში საჭიროა შემდგომი რეფორმები
ევროპული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.
შეხვედრის შემდეგ ბელგიელმა პოლიტიკოსმა X-ზე (წარსულში ტვიტერი) გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტთან გადაღებული ფოტო და დაწერა, რომ საქართველოში რეფორმების გატარებაა საჭირო:
"საქართველოში საჭიროა შემდგომი რეფორმები მართლმსაჯულების, დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის თვალსაზრისით. ასევე, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის მშენებლობა", - დაწერა შარლ მიშელმა.
მან ასევე "ისტორიული" უწოდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა.
"მივესალმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიზანს - წინსვლას საქართველოს ევროპულ გზაზე. თქვენ გაქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა".