შევჩენკო: კალაძესთან ურთიერთობა აღარ მაქვს, ის ჩემთვის აღარ არსებობს
![](https://realpolitika.ge/storage/images/cache/900x440/ka(1).jpg)
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ის აღარ მეგობრობს კახა კალაძესთან და მასთან ურთიერთობა შეწყვიტა.
ამის შესახებ, კალაძის ყოფილმა თანაგუნდელმა, ანდრეი შევჩენკომ უკრაინულ სპორტულ გამოცემასთან Tribuna-სთან საუბარში განაცხადა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე თუ როგორ აფასებს კიევის დინამოს ყოფილი მცველის კახა კალაძის საქმიანობას, შევჩენკო პასუხობს: "მე არ ვესაუბრები კალაძეს, მე მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს."
კონტექსტი
1998-99 წლებში კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო კიევის დინამოში თანაგუნდელები იყვნენ, ხოლო 2001-2006 წლებში მილანში თამაშობდნენ ერთად.
2013 წლის 31 მაისს, ანდრეი შევჩენკო თბილისში, კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩშიც მონაწილეობდა.
სპორტული კარიერის მიღმა, პოლიტიკაში კალაძე ღიად ანტი-უკრაინული განცხადებებით გამოირჩეოდა. ეს რიტორიკა განსაკუთრებით მან 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაამწვავა.
2024 წლის 6 დეკემბერს, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში უკრაინული სუბტიტრებით გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აცხადებდა, რომ ზელენსკი უცხო ქვეყნის ინტერესს ემსახურება.
"მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელიც ის იმყოფება, ის დღეს არ ეკუთვნის საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და, რაც ყველაზე მძიმეა, არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესს. მე დარწმუნებული ვარ უკრაინელი ხალხი ძალიან მალე მიხვდება ყველაფერს, გაანალიზებს ყველაფერს, რა პროცესები წარიმართა, ვისი ხელშეწყობით წარიმართა ის უბედურებაც, რაც დღეს სამწუხაროდ უკრაინაში ხდება." - თქვა კალაძემ.
5 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ქართული ოცნების" ლიდერებს, მათ შორის კახა კალაძეს სანქციები დაუწესა.
"ეს არის სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომელიც ახლა საქართველოს პუტინს აბარებს." - აღნიშნა ზელენსკიმ.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კალაძე კიევში ორ ბინას ფლობს: კიევში, გამარჯვების გამზირზე 220 კვ.მ. ბინა, რომელიც მან 1997 წელს 150 ათას დოლარად შეიძინა და შევჩენკოს გამზირზე 250 კვ.მ. ბინა, რომელიც კალაძემ 2005 წელს 700 ათას დოლარად შეიძინა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძემ უკრაინაში მიწის რეალიზაციით 600 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო მთლიანად აღნიშნული კონტრაქტის საფასური 2 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ფინანსური სანქციები უკრაინაში კალაძის აქტივების გაყინვას და ტრანზაქციების შეჩერებას მოიცავს.