შმიგალი: ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ევროკომისიის დელეგაცია კიევში ჩამოვა
უკრაინა მთავრობათაშორისი კონსულტაციებისთვის, კიევში ევროკომისიის დელეგაციასთან შეხვედრისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 17 იანვარს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ ვემზადებით ევროკომისიის დელეგაციასთან შეხვედრისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, რომელიც კიევში 2 თებერვალს ჩამოვა. გაიმართება მნიშვნელოვანი მთავრობათაშორისი კონსულტაციები. ვისაუბრებთ უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ. შევაფასებთ პროგრესის ხარისხს და გავიაზრებთ ერთობლივად მუშაობის პერსპექტივებს", - განაცხადა შმიგალმა.
"ჩვენ კიდევ უფრო წინ წავალთ ინდუსტრიული უვიზო მიმოსვლისკენ, ევროკავშირის საერთო როუმინგ ზონაში გაწევრიანებისკენ, ევროში გადახდების ერთიან ზონაში ინტეგრირებისკენ. ასევე შევთანხმდებით ევროპაში ჩვენი საქონლის განბაჟების გარეშე იმპორტის გაფართოებაზე. განვიხილავთ ყველა აქტუალურ საკითხს: სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, ენერგეტიკის, ფინანსური სექტორის მხარდაჭერას, თანამშრომლობას ჰუმანიტარულ სფეროში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს", - აღნიშნა შმიგალმა.
უკრაინაში ფონ დერ ლაიენის ვიზიტი შმიგალმა 13 იანვარს დააანონსა. მან აღნიშნა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელთან ერთად 10-ზე მეტი ევროკომისარი ჩავა.
"ეს იქნება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სიგნალი ომში უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ, არამედ იმის დემონსტრირება, რომ ევროკავშირი ღიაა უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესისთვის." - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.