შმიგალი: რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული
24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს და მთელი მისი ქონება გაიყინოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 14 მარტს, ვარშავაში, "ლუბლინის სამკუთხედის" (პოლონეთი, ლიტვა და უკრაინა) მთავრობათა მეთაურების შეხვედრის შემდეგ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ვთხოვთ ყველა ქვეყანას და პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესს, შეწყვიტონ რუსეთის ბიუჯეტის დაფინანსება, საიდანაც ოკუპანტი ყიდულობს იარაღს, უხდის ხელფასს ბარბაროსებს, რომლებიც კლავენ ბავშვებს, ქალებს, აშიმშილებენ ქალაქებს, ჩადიან საშინელ სამხედრო დანაშაულებს", - განაცხადა შმიგალმა.
"ჩვენ ასევე მოვითხოვთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას, რათა ის საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ომს ემხრობიან და მათი ოჯახის წევრებიც დაექვემდებარონ სანქციებს, ჩვენ ვადგენთ ასეთი ადამიანების სიას". - თქვა უკრაინის პრემიერმა.
შმიგალმა მოითხოვა რუსული გემების დასავლეთის პორტებში შესვლის და დასავლეთის ქვეყნების გემების რუსეთის პორტებში შესვლის აკრძალვა. გარდა ამისა, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა სანქციების დაწესება რუსული ლითონებისა და სხვა ნედლეულის ექსპორტზე. შმიგალის თქმით, ყველა პასუხისმგებლიანმა საწარმომ უნდა შეწყვიტოს საქმიანი ურთიერთობა რუსეთთან.
შმიგალმა აღნიშნა, რომ ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა თავიდან იქნას აცილებული სანქციების გვერდის ავლით, რათა "რუსეთს ჩამოეჭრას ფული, რომელიც ომს დააფინანსებს".