შოლცი: განხილვად მომავალში რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია
"გერმანია უახლოეს მომავალში ნატოს წევრ ევროპულ სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდ არმიას ჩამოაყალიბებს, ხოლო პარტნიორ სახელმწიფოებს შეუძლიათ გერმანიის იმედი ჰქონდეთ" - განაცხადა კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელმაც ბუნდესტაგს ნატოს და დიდი შვიდეულის სამიტის წინ სპეციალური სიტყვით მიმართავს.
კანცლერის თქმით, რუსეთთან პარტნიორობა განხილვად მომავალში წარმოუდგენელია, გერმანია კი კვლავ გააგრძელებს უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას.
"ჩვენ ჯერ კიდევ შორს მოლაპარაკებებისგან უკრაინასა და რუსეთს შორის, რადგანაც პუტინი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია მსოფლიოს მშვიდობის პირობები უკარნახოს",- განაცხადა შოლცმა.
კანცლერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა არმიის მოდერნიზაციისა და გამსხვილების გეგმებზე:
"შექმნილ ვითარებაში გერმანიას ეკისრება პასუხისმგებლობა არამხოლოდ თავის, არამედ პარტნიორების უსაფრთხოებაზეც. ჩვენ შევაიარაღებთ არმიას იმგვარად, რომ შევძლოთ არამხოლოდ ჩვენი, არამედ პარტნიორების დაცვაც ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში."
შოლცი უკრაინის ომის კონტექსტში გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო. მისი თქმით, თუ დასავლეთი არ აჩვენებს სოლიდარობას გლობალური სამხრეთის მიმართ, ამ სიცარიელეს ჩინეთი და რუსეთი შეავსებს.
შოლცის საპარლამენტო გამოსვლის მთავარი თემა ევროკავშირის სამიტია, რომელიც 23 ივნისს გაიმართება და რომლის მთავარი თემაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება იქნება.
არსებული ცნობებით, ევროგაერთიანებაში მოლდოვისა და უკრაინის საკითხზე სრული კონსენსუსი არსებობს და მაღალი ალბათობით ორივე ქვეყანას შესაბამის სტატუსს მიანიჭებენ. საქართველოს შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ კანდიდატობის პერსპექტივას ქვეყანა გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.
უფრო დეტალურად ამ პირობებზე შეგიძლიათ წაიკითხო ამ ბმულზე.
ევროკავშირის სამიტის შემდეგ, მომდევნო ორშაბათს გაიმართება დიდი შვიდეულის [G7] შეხვედრაც, რომლის მთავარი თემაც უკრაინის დახმარება და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა იქნება.
ევროკავშირის სამიტის გარდა, შოლცის გამოსვლა მომდევნო კვირაში გასამართ ნატოს სამიტსაც შეეხება, რომელიც მადრიდში ჩატარდება.
ტრანსატლანტიკური ალიანსის სამიტის მთავარი თემა აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, ფინეთისა და შვედეთის განაცხადების განხილვა და ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის წინააღმდეგობის დაძლევა იქნება.