შოლცი უკრაინას მეტ საზენიტო სისტემა Gepard-ს დაჰპირდა
გერმანია, უკრაინას, უფრო მეტ საზენიტო სისტემა Gepard-ს გადასცემს.
ამის შესახებ BBC News და CNN გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზე მუშაობას გააგრძელებს. მაგრამ, მას Gepard-ების მიწოდების დეტალები და რაოდენობა არ დაზუსტებია.
გერმანიის კანცლერმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და ქვეყნის გრძელვადიანი რეკონსტრუქციის მიმართულებით.
შოლცს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც. უკრაინულმა მხარემ, სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგებზე ისაუბრა.
საპასუხოდ, გერმანიის კანცლერმა დაგმო დაბომბვები და კოლეგას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა.
რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ გერმანიამ უკრაინას Gepard-ის თვითმავალი საზენიტო სისტემები გადასცა (თავდაპირველად შეთანხმებული რაოდენობა 30 ერთეული).