შოლცი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატოს წევრობისგან უნდა განსხვავდებოდეს

ნატოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტად რჩება უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან უშუალო კონფლიქტში მონაწილეობის გარეშე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 1 ივნისს, მოლდოვაში, ევროპელი ლიდერების სამიტზე განაცხადა.

ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვას მან უპასუხა, რომ "დღევანდელ ვითარებაში არ არის საუბარი წევრობაზე."

მისი თქმით, მოკავშირეები უკრაინას ეხმარებიან არა როგორც ბლოკის წევრს, არამედ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მოქმედება ამ სქემით უნდა გაგრძელდეს.

"ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რომლის ეფექტურობაც დადასტურდა და რომელსაც ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ." - განაცხადა შოლცმა.

რაც შეეხება ომის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, კანცლერის თქმით, ისინი უნდა იყოს ეფექტური, მაგრამ არა "ნატოსთან ასოცირებული" და არ ემთხვეოდეს ბლოკის წევრების შესაძლებლობებს.

"უსაფრთხოების გარანტიები კონკრეტული ტერმინებით უნდა იყოს აღწერილი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ვის შეუძლია კონკრეტულად მათი მიწოდება. ეს არის პროცესი, რომელიც, როგორც ვთქვი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს და რომელიც აუცილებლად მოიტანს ცვლილებებს... სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ იმაზე ფიქრისგან, როგორ უზრუნველვყოთ მშვიდობა მსოფლიოში... ჩვენ ომის შუაში ვართ", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები