შოლცის თქმით, კიევში შტაინმაიერის არმიწვევის გამო არ ჩადის

გუშინ, 3 აპრილს, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ჩასულა ომის დაწყების შემდეგ კიევში.

შოლცის თქმით, "თვალშისაცემი მოვლენაა, როცა მიწვეული არ არის გერმანიის პრეზიდენტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ფედერალურმა თავყრილობამ აქამდე არნახული უმრავლესობით აირჩია მეორე ვადით".

როგორც გერმანიის კანცლერი ამბობს, სწორედ ეს უდგას წინ მის ვიზიტს კიევში.

"ასე არ გამოდის, როცა ქვეყნისგან ამხელა სამხედრო და ფინანსურ დახმარებას იღებ, რომელიც უსაფრთხოებას ხმარდება და ამბობ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტს არ მიიღებ", - ამბობს გერმანიის კანცლერი.

ოლაფ შოლცის ნათქვამს გამოეხმაურა უკრაინის ელჩი გერმანიაში, ანდრიი მელნიკი, რომელმაც კანცლერის კომენტარის შესაფასებლად არაფორმალური გერმანული იდიომი, "ნაწყენი ღვიძლის ძეხვი" გამოიყენა:

"ნაწყენი ღვიძლის ძეხვობანას თამაში დიდად სახელმწიფოებრივად არ გამოიყურება. საბავშვო ბაღი არაა, საქმე უკრაინაზე ნაცისტების თავდასხმის შემდეგ ყველაზე სასტიკ დანაშაულებრივ ომს ეხება", - ამბობს მელნიკი.

"ნაწყენ ღვიძლის ძეხვს" გერმანულ სალაპარაკო ენაში ისეთ ადამიანს ეძახიან, რომელიც ადვილად "ვარდება" ანდა ბევრს "ჭინჭყლობს და იბუტება". პირდაპირ ეს შესაძლოა უფრო მეტად პაშტეტის ტიპის ძეხვს ნიშნავდეს. 

როგორც აპრილის პირველ ნახევარში გახდა ცნობილი, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს კიევში ჩასვლა სურდა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები