შოლცმა ჩინეთში ვიზიტი დაიწყო: კანცლერი უკრაინაში რუსეთის ომზე და ეკონომიკაზე ისაუბრებს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კვირას, 14 აპრილს, სამდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა.
შოლცმა ვიზიტი ქალაქ ჩონცინგში დაიწყო. ის ასევე შანხაის და პეკინს ეწვევა, სადაც ჩინეთის ლიდერს სი ძინფინგს და პრემიერ-მინისტრ ლი ციანგს შეხვდება.
"ჩინეთი რჩება მართლაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად," - განუცხადა კანცლერმა ჟურნალისტებს ვიზიტის წინ და აღნიშნა, რომ ის შეეცდება ჩინეთში გერმანული კომპანიებისთვის თამაშის წესები გაათანაბროს.
შოლცი ასევე გეგმავს გამოიყენოს ვიზიტი, რათა სი დაარწმუნოს გავლენა მოახდინოს ვლადიმერ პუტინზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.
ეს შოლცის მეორე ვიზიტია ჩინეთში კანცლერად არჩევის შემდეგ. წინა, 2022 წლის ნოემბერში, ჩინეთში მკაცრი შეზღუდვებისა და ბერლინის ჩინურ საქონელზე დამოკიდებულების შესახებ დისკუსიების ფონზე შედგა.
წინა კვირის დასაწყისში, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა, რომელმაც დაასრულა ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტი, განაცხადა, რომ მას "მკაცრი საუბრები" ჰქონდა ჩინური კომპანიების მიერ რუსეთის მხარდაჭერის შესახებ.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ევროკავშირისა და ნატოს კოლეგებთან კომუნიკაციისას აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთს "შემაშფოთებელი მასშტაბით" ეხმარება აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების მიწოდებით.