შტაინმაიერი კიევში: გავაგრძელებთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებას
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გამთენიისას კიევში ჩავიდა.
მატარებლიდან გადმოსვლისას მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის დახმარებას გააგრძელებს:
"ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი ისაა, რომ უბრალოდ თქვენს გვერდით არ ვდგავართ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებას".
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევიდან გერმანელ ხალხსაც მიმართა და თანამემამულეებს მოუწოდა, არ დაივიწყონ, რას ნიშნავს მიმდინარე ომი უკრაინელი ხალხისთვის:
"რამხელა ტანჯვა, რამხელა ნგრევაა. უკრაინელ ხალხს ჩვენ ვჭირდებით".
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობა ეჩვენებინა "განსაკუთრებით ომის ამ ფაზაში, როცა უკრაინას თავს ესხმიან დრონებით და ფრთოსანი რაკეტებით".
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში წინა ხუთშაბათს უნდა ჩასულიყო, თუმცა უკრაინის დედაქალაქში საშიშროების ზრდის გამო მისი ვიზიტი არ შედგა.
გერმანიის პრეზიდენტს უკრაინაში ჩასვლა ჯერ კიდევ აპრილში სურდა, თუმცა მაშინ უკრაინელებმა მის მიღებაზე უარი თქვეს. ამის მიზეზად რუსეთის აგრესიაზე მის წარსულ დამოკიდებულებას ასახელებდნენ.
დიპლომატიური სკანდალი რამდენიმე კვირაში შტაინმაიერმა და ზელენსკიმ სატელეფონო საუბრით განმუხტეს, რომლის დროსაც უკრაინის პრეზიდენტმა გერმანელი კოლეგა პირადად მიიწვია კიევში.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში დღეს შეხვდება.