შტაინმაიერი მიესალმება გერმანიის მიერ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების გეგმას
გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიესალმა ბუნდესტაგის განზრახვას, რომ უკრაინაში, 1930-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ჰოლდომორი, გენოციდად შეფასდეს.
28 ნოემბერს, შტაინმაიერმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი "ძალიან, ძალიან მადლიერია" SPD-ის, მწვანეებისა და FDP-ის საპარლამენტო ფრაქციების, ასევე მთავარი ოპოზიციური ფრაქცია CDU/CSU-ს მიმართ.
მათ მიერ ერთობლივად შემუშავებული რეზოლუცია, კენჭისყრაზე 30 ნოემბერს, ბუნდესტაგში გავა.
"ეს იყო 1932 და 1933 წლებში, სტალინური რეჟიმის მიზანმიმართული სტრატეგია, შიმშილით მოეკლა მაშინდელი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ნაწილი", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
საქმე მხოლოდ აგრესიულ ომთან არ გვაქვს, რომელიც სამხედრო საშუალებებით, უკრაინის არმიის წინააღმდეგ მიმდინარეობს. სახეზეა სასტიკი თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც მშივდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული. რაც უფრო მოახლოვდება ზამთარი, მით უფრო შესამჩნევი გახდება ეს სისასტიკე" - განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ომის ზონაში მყოფი ადამიანების მდგომარეობაზე: "ჩვენ ვნახეთ, რისი მოლოდინი აქვთ უკრაინაში: გაჭირვება, სიბნელე და სიცივე".
შტაინმაიერმა დაგმო მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შესახებ და თქვა, რომ ეს "არასერიოზულია". მისი თქმით, ამ მომენტისთვის, ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ "რუსეთი შეინარჩუნებს ოკუპირებულ ტერიტორიას და ამით საზღვრების დარღვევის, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფისა და მიწების წართმევის უფლებას მიიღებს".