შტაინმაიერი: უკრაინას მალე ორ სარაკეტო სისტემა MARS-ს და ოთხ Panzerhaubitze 2000-ს გადავცემთ
უკრაინა მალე გერმანიისგან ორ სარაკეტო სისტემა MARS II-ს და ოთხ თვითმავალ ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000-ს მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 25 ოქტომბერს, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს [ვოლოდიმირ ზელენსკის], რომ მალე უკრაინას გადაეცემა ორი სარაკეტო სისტემა MARS და ასევე ოთხი ჩვენი ჰაუბიცა PzH 2000. ისინი უკრაინას მომდევნო დღეებში გადაეცემა", - თქვა შტაინმაიერმა.
მისი თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ბრიფინგზე პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ის ეთანხმება ზელენსკის, რომ უკრაინას "სამართლიანი მშვიდობა სჭირდება".
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ 12 ოქტომბერს, რამშტაინის ფორმატში უკრაინის დახმარების მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრისას გამოაცხადა უკრაინას დამატებითი თავდაცვითი დახმარების გაწევის შესახებ. საუბარი იყო კონკრეტულად დამატებით MARS II-სა და Panzerhaubitze-ზე მათი რაოდენობის დაზუსტების გარეშე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მომავალ რამდენიმე კვირაში" ისინი უკრაინაში იქნებიან.