შტაინმაიერმა ნაცისტების ქმედებებისთვის ვარშავაში პატიება ითხოვა
ვარშავის გეტოს აჯანყების დაწყებიდან 80 წლისთავზე, გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა დევნასა და ხოცვაზე გერმანიის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და პატიება ითხოვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
"დღეს მე ვდგავარ თქვენს წინაშე და ვითხოვ პატიებას გერმანელების მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის", - თქვა მან 19 აპრილს, ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე, პოლონეთისა და ისრაელის პრეზიდენტების, ანდჯეი დუდასა და ისააკ ჰერცოგის თანდასწრებით.
მან მადლობა გადაუხადა ორივე სახელმწიფოს გერმანელ ერთან შერიგებისთვის. შტაინმაიერის აზრით, ეს არის "უსაზღვროდ ღირებული საჩუქარი."
"გერმანელები დევნიდნენ, ამონებდნენ და ხოცავდნენ ევროპელ ებრაელებს, ვარშავის ებრაელებს სისასტიკით და არაადამიანურობით, რომელსაც სიტყვვები ვერ აღწერს", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, გერმანელებმა იციან თავიანთი პასუხისმგებლობა და მისია, რომელიც მათ გადარჩენილებმა და დაღუპულებმა დაუტოვეს. "ჩვენთვის, გერმანელებისთვის, ისტორიაზე ჩვენს პასუხისმგებლობას არ აქვს დასასრული. ის ყოველთვის შეგვახსენებს ჩვენ მისიას აწმყოსა და მომავალში", - თქვა შტაინმაიერმა.
ვარშავის გეტო გერმანელებმა 1940 წლის შემოდგომაზე შექმნეს, რომელშიც დაახლოებით 450 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. 1942 წელს ნაცისტებმა ებრაელების დეპორტაცია დაიწყეს შრომით და საკონცენტრაციო ბანაკებში. მხოლოდ ივლისიდან სექტემბრამდე 250-280 ათასი ადამიანი გაიტაცეს ან მოკლეს. 1943 წლის 19 აპრილს SS გეტოში შევიდა და ცუდად შეიარაღებული ებრაული აჯანყების ჩახშობა დაიწყო.
გეტოს მცხოვრებლებმა ნაცისტების წინააღმდეგ თითქმის ერთი თვე - მაისის შუა რიცხვებამდე იბრძოლეს. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ათასობით ებრაელი გადაასახლეს ტრებლინკას ბანაკში, სადაც ისინი ცოცხლად დაწვეს ან დახვრიტეს. ჯამში 56 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს.