შვედეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლოფვენი გადადგა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ქვეყანას 2014 წლიდან მართავდა.

პრემიერ-მინისტრი ორშაბათს უნდა გადამდგარიყო ან რიგგარეშე არჩევნები დაენიშნა, რადგან 21 ივნისს მას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.

“ეს ყველაზე რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც აქამდე მიმიღია”, - თქვა ლოფვენმა.

ახალი მთავრობის ფორმირებას პარლამენტის სპიკერი ანდრეას ნორლენი ეცდება. თუ ის კოალიციას ვერ შექმნის, ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

“არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, პანდემიისას რიგგარეშე არჩევნები შვედეთისთვის კარგი არ იქნება,” - განაცხადა ლოფვენმა.

პრემიერ-მინისტრის მიმართ უნდობლობის საკითხი პარლამენტში ულტრამემარჯვენე “შვედმა დემოკრატებმა” დააყენეს.

ლოფვენის უმცირესობის მთავრობას სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების გარდა, არაფორმალურად მემარჯვენე-ცენტრისტული და ლიბერალური პარტიები უჭერდნენ, თუმცა ულტრამემარცხენე პარტიასთან უთანხმოების გამო პრემიერმა უმრავლესობა დაკარგა. 

პარტიები ახლადაშენებული ბინების ქირის ფასების კონტროლზე ვერ შეთანხმდნენ. კოალიციის წევრი პარტიები ამ შეზღუდვის მოხსნას მხარს უჭერდნენ.

საპარლამენტო არჩევნები შვედეთში 2022 წლის 11 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.




მსგავსი სიახლეები