შვედეთი უკრაინას საზღვაო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს
შვედეთი უკრაინას საზღვაო თავდაცვის ანტი-სახომალდო რაკეტებს, ანტი-სატანკო დანადგარებს და 12.7 მილიმეტრიან შაშხანებს გადასცემს. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნ ლინდემ თავის ტვიტერზე დაწერა.
"ეს უკრაინის სამხედრო დახმარების მეოთხე პაკეტია, რომელიც მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფინანსურ მხარდაჭერასაც. პაკეტის ჯამური მოცულობა 95 მილიონ ევროს აღწევს", - წერია მინისტრის შეტყობინებაში.
მარტში შვედეთმა უკრაინას თავდაცვითი აღჭურვილობა, დრონები და ბინოკლები გადასცა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ სიას ანტი-სატანკო შეიარაღება და განაღმვისთვის საჭირო სპეციალური ხელსაწყოები დაემატა.
მინისტრის განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული რაკეტების ტიპი.
უკრაინა უკვე დიდი ხანია ითხოვს ანტი-სახომალდო შორი რადიუსის საზღვაო რაკეტებს, რაც ოდესის პორტის განსაბლოკად და ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებისთვის არის აუცილებელი.
კერძოდ, საუბარია Harpoon-ის რაკეტებზე - პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილო დანია იყო. ასევე, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში იმავე რაკეტებს უკრაინელები აშშ-სგანაც მიიღონ. არსებული ცნობებით ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
დიდი ალბათობით გადაწყვეტილია უკრაინისთვის შორის რადიუსის საარტილერიო დანადგარების მიწოდების საკითხიც. კერძოდ, საუბარია HIMARS-ის ტიპის ამერიკულ დანადგარზე, რომელსაც უკრაინა ასევე, დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.