შვედეთს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება

 

შვედეთის ფინანსთა მინისტრი მაგდალენა ანდერსონი მალე ქვეყნის პირველი ქალი პრემიერი გახდება. ხუთშაბათს ის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს.

54 წლის ანდერსონი 2014 წლიდან ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში ანდერსონი მოქმედ პრემიერ სტეფან ლოფვენს ჩაანაცვლებს, რომელიც სოციალ-დემოკრატების ლიდერი 10 წლის განმავლობაში იყო და 2014 წლიდან პრემიერის პოსტს იკავებდა.

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები 10 თვეში უნდა ჩატარდეს.

Bloomberg-ის თქმით, ულტრამემარჯვენე, ანტი-მიგრაციული პარტია შვედი დემოკრატები ხელისუფლებაში მოსვლასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს, რადგან ქვეყანაში კრიმინალის ზრდამ მოსახლეობაში მათი მხარდაჭერა გაზარდა.

ანდერსონი მიზნად განათლების, ჯანდაცვის და მოხუცებზე ზრუნვის გაუმჯობესებას ისახავს. მან ასევე განმარტა, რომ მისი პრიორიტეტი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაა.

ანდერსონის მთავარი გამოწვევა შიდაპარტიული დაპირისპირებებია. მისი პარტიის ზოგიერთი წევრი კლიმატის და სოციალური ხარჯების ზრდას ეწინააღმდეგება.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები