შვედეთში მამაკაცი ქურთული ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებისთვის გაასამართლეს
სტოკჰოლმის რაიონულმა სასამართლომ ხუთშაბათს თავისი პირველი განაჩენი გამოიტანა საქმეზე, რომელიც ეხება ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დაფინანსებას.
ამ ინფორმაციას SVT ავრცელებს.
PKK-ს თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
40 წლის მამაკაცს ტერორიზმის დაფინანსების მცდელობისთვის 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე ის დამნაშავედ ცნეს გამოძალვის მძიმე მცდელობაში და იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულში.
"რაც განსაკუთრებით მოქმედებს სასჯელის ხანგრძლივობაზე არის მსჯავრდებულის მიერ იარაღის გამოყენება და ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მხარდაჭერა," - განაცხადა სასამართლომ.
ბრალდებული ქურთია. გამომძიებლების თქმით, იანვარში მან სტოკჰოლმში პაბის თანამშრომლისთვის სროლით და მუქარით ფულის გამოძალვა სცადა. მან აღიარა იარაღის ქონა, მაგრამ სხვა დანაშაულები უარყო.
სასამართლომ მამაკაცს ასევე დეპორტაცია მიუსაჯა, მაგრამ მიუთითა, რომ არსებობს "განსაკუთრებული შემაფერხებელი გარემოებები გადაწყვეტილების აღსრულებაში," რადგან რისკია თურქეთში ბრალდებული "დაექვემდებაროს წამებას ან სხვა ტიპის არაადამიანურ მოპყრობას."
ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს რაიმე სახის კავშირს PKK-სთან.
როგორც ცნობილია, თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას სწორედ ტერორისტული მოძრაობების, მათ შორის ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ არასაკმარისი ბრძოლოს გამო აფერხებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მხარეებმა "კარგ პროგრესს" მიაღწიეს სტოკჰოლმის, ჰელსინკისა და ანკარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში.