შვედი მემარჯვენეები უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ
შვედეთის ზომიერი პარტიის ლიდერის, ულფ კრისტერსონის უწყებით, ოთხი პარტია უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა.
ახალ სამთავრობო კოალიციაში ზომიერები, ქრისტიან-დემოკრატები და ლიბერალები შევლენ, რომლებიც, კრისტერსონის თქმით, ანტი-საიმიგრაციო პარტიის, შვედი დემოკრატების "მჭიდრო თანამშრომლობას" დაეყრდნობიან.
ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი თავად ულფ კრისტერსონი გახდება, სამთავრობო თანამდებობები კი ზემოხსენებულ სამ პარტიას შორის განაწილდება, რომლებსაც პარლამენტში დასამტკიცებლად შვედი დემოკრატების მხარდაჭერა დასჭირდებათ.
"11 საათზე მივალ სპიკერ ანდრეას ნორლენთან და მოვახსენებ, რომ ჩვენ, ჩვენი ოთხი პარტია, მზად ვართ ორშაბათს ჩატარდეს კენჭისყრა და ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობა", - თქვა ზომიერების ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შვედეთში საპარლამენტო არჩევნები 11 სექტემბერს გაიმართა. დაძაბული ბრძოლაში მემარჯვენე პარტიებმა მცირე უპირატესობით დაამარცხეს მემარცხენე ბლოკი - მათ პარლამენტის 349 მანდატიდან 176-ის მოპოვება შეძლეს.
შედეგად, რვა წლიანი მმართველობის შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა ოპოზიციაში გადაინაცვლეს და პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თანამდებობა დატოვა.
შვედეთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაში შვედი დემოკრატები მონაწილეობენ.
80-იან წლებში დააარსებული ნეო-ნაცისტური ორგანიზაცია, რომელიც მოგვიანებით ანტი-საიმიგრაციო პარტიად იქცა, ხმების 20.5%-ით მეორე ადგილზე გავიდა.
2019 წელს ულფ კრისტერსონმა ტაბუ გატეხა და შვედ დემოკრატებთან მოლაპარაკებები დაიწყო. შედეგად, სექტემბერში მესამე ადგილზე გასულმა ზომიერებმა პრემიერის თანამდებობა მიღეს.