შვეიცარია უკრაინას $1.7 მილიარდის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

შვეიცარიის მთავრობა 2028 წლამდე უკრაინას მინიმუმ 1.5 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (1.7 მილიარდი დოლარი) გამოუყოფს. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა 13 აპრილს განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის მიმართ შვეიცარიის ერთგულებას. კიევის დახმარება ქვეყნის საერთაშორისო თანამშრომლობის 2025–2028 წლების სტრატეგიაში შედის.

2023-2024 წლებში ჟენევა უკრაინის მთავრობისთვის 300 მილიონი შვეიცარული ფრანკის (338 მილიონი დოლარი) გადარიცხვას აპირებს. Swissinfo აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ შვეიცარიის კანტონებმა უკრაინაში სასწრაფო დახმარების ხუთი მანქანა გაგზავნეს, ასევე ტრანსპორტირებისთვის მზადდება სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა.

კონტექსტი

2022 წლის 28 თებერვალს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.

"ნეიტრალიტეტი ხელს არ გვიშლის ყვავს ყვავი დავარქვათ", - თქვა ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა.

შვეიცარიამ თითქმის 8 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები დაბლოკა და გადაწყვიტა, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი გამოეყო უკრაინისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

ამავდროულად, შვეიცარიის კანონმდებლობა ნეიტრალიტეტის შესახებ, კრძალავს იარაღის მეომარი ქვეყნებისთვის მიყიდვას. მარტში შვეიცარიის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატებმა შვეიცარიული იარაღის უკრაინაში სხვა ქვეყნებიდან რეექსპორტიც აკრძალეს.

მსგავსი სიახლეები