სიიარტო: უნგრეთი არ დაბლოკავს ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ 19 თებერვალს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცამეტე პაკეტს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის ყველა ელემენტი, რომელიც "აზიანებს უნგრეთის ინტერესებს," ამოღებულია, ამიტომ უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება მის დამტკიცებას, მაგრამ ის არ მოერიდა ევროკავშირის პოლიტიკის ჩვეულ კრიტიკას.
"უნგრეთის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენას არ ახდენს სანქციების სიაში შემავალი კონკრეტული ზომები, მაგრამ პრობლემა გაცილებით დიდია: ევროკავშირი აგრძელებს სრულიად წარუმატებელ სტრატეგიას, რომელიც არ გვაახლოებს მშვიდობასთან, არამედ გვაშორებს მისგან," - განაცხადა სიიარტომ.
მისი აზრით, სანქციების წინა პაკეტებმა მხოლოდ ზიანი მიაყენა ევროკავშირის ეკონომიკას, სადაც "სამხედრო ფსიქოზი ჯერ კიდევ სუფევს", თუმცა "უკვე ნათელია," რომ უკრაინის ომი სამხედრო გზით არ დასრულდება.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ბრიუსელში 19 თებერვალს უნდა მიეღოთ. მედიის ცნობით, ის ასევე შეიძლება მოიცავდეს სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რუსეთისთვის რაკეტების მიწოდების გამო, რომლებსაც ის უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.