სირიის ოპოზიცია ასადის წინააღმდეგ გაერთიანებას ცდილობს

 

სირიის ოპოზიციის ლიდერები კატარში პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის შეიკრიბებიან, რომელიც სირიის რეჟიმის ლიდერ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ გაერთიანებას ისახავს მიზნად.

„შეხვედრები წარსულში დაშვებული შეცდომების ანალიზს და სტრატეგიის შემუშავებას დაეთმობა“, - აცხადებს რიად ჰიჯაბი, რომელიც 2012 წლამდე ასადის ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

სალიმ ალ-მესლეთი, სირიის რევოლუციური და ოპოზიციური ძალების ეროვნული კოალიციის ლიდერი, აცხადებს, რომ გაეროს წარმომადგენლისთვის ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენას აპირებენ.

გაეროს ეგიდით ორგანიზებული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა, უშედეგოდ დასრულდა.

მოლაპარაკებები, რომელშიც ასადის ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ, ახალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავებას ისახავს მიზნად.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნაწილი - მათ შორის გაერთიანებული საამიროები - ასადთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში „გარიყული“ ლიდერის სტატუსს ატარებდა, ურთიერთობების აღდგენას აპირებს.

დასავლეთი, განსაკუთრებით კი აშშ, ასადთან ურთიერთობების ნორმალიზაციის წინააღმდეგია.

 


სირიის სამოქალაქო ომი, რომელიც 2011 წელს ასადის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შედეგად გაჩაღდა, უკვე ათი წელია მიმდინარეობს და ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რუსული და ირანული სამხედრო მხარდაჭერის წყალობით ასადმა სირიის დედაქალაქის და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების კონტროლის შენარჩუნება მოახერხა.

დღეს სირიის რეჟიმის ლიდერი ქვეყნის ტერიტორიის 60 %-ს აკონტროლებს. ოპოზიციური ძალები ჩრდილო-დასავლეთის იდლიბის პროვინციაში არიან გამაგრებული, რომელიც სხვადასხვა ისლამისტური დაჯგუფების თავშესაფრად იქცა.

ოპოზიცია ასევე აკონტროლებს სამხრეთ საზღვართან მდებარე მცირე ანკლავს. ჩრდილოეთის საზღვრისპირა ტერიტორიების კონტროლში ერთმანეთს სირიელი ქურთები და თურქეთი ეცილება.

 

მსგავსი სიახლეები