სირიის სამოქალაქო ომის დროს განადგურებული კულტურული ძეგლები – ფოტოგალერეა

ლომის ქანდაკება რაქაში (VIII საუკუნე ძვ.წ.)

ქვისგან დამზადებული ლომის ქანდაკება 1970-იან წლებში ალეპოში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. 1980-იან წლებში ლომის ქანდაკება ქალაქ რაქას ცენტრში განათავსეს. 

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა რაქა 2013 წელს დაიკავეს და ქალაქი ხალიფატის დედაქალაქად გამოაცხადეს. ტერორისტები ანადგურებდნენ ასირიულ ძეგლებს, მათ შორის იყო ლომის ქანდაკებაც, რომელიც 2013 წელსვე ბულდოზერის მეშვეობით გაანადგურეს. 

პალმირას მონუმენტალური თაღი

პალმირას მონუმენტალური (ტრიუმფალური) თაღი III-ე საუკუნეში, რომის იმპერატორის, სეპტიმიუს სევერუსის მმართველობის წლებში აშენდა. თაღი ანტიკური ქალაქის სავიზიტოდ ბარათად მიიჩნეოდა. თაღის გამოსახულებებს შეხვდებოდით ისტორიის სახელმძღვანელოების ყდებზე. 

ანტიკური ქალაქი "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა 2015 წელს დაიკავეს. ამავე წლის ოქტომბერში ტერორისტებმა პალმირას მონუმენტალური თაღი დინამიტის მეშვეობით ააფეთქეს. აფეთქების შედეგად მხოლოდ კოლონის ნაწილი გადარჩა. 

წმინდა იულიანეს ქრისტიანული ტაძარი ჰომსში

წმინდა იულიანეს ტაძარი ჰომსში V-ე საუკუნეში აშენდა და ცენტრალური სირიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა. მონასტერში, რომელიც ტაძრის მახლობლად ფუნქციონირებდა დასვენებული იყო წმინდა იულიანე ემესელის ცხედარი. 

ჰომსი 2011 წელს დაწყებული საპროტესტო მოძრაობის და მღელვარების ერთ-ერთი მთავარი კერა გახდა. 2015 წლის აგვისტოში ქალაქი ექსტრემისტებმა დაიკავეს, რომლებმაც რელიგიური სიწმინდეების განადგურება დაიწყეს. წმინდა იულიანეს ტაძარი თითქმის სრულად ბულდოზერების მეშვეობით გაანადგურეს. 

სომხური მემორიალი დეირ-ეზ-ზორში

მეც-ეგერნის სომხური მემორიალი დეირ-ეზ-ზორში იმ ეთნიკურ სომეხთა სახსოვრად აშენდა, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის წლებში საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ. დეირ-ეზ-ზორში სამოქალაქო ომის დაწყებამდე დიდი სომხური დიასპორა ცხოვრობდა. 

დეირ-ეზ-ზორის დიდი ნაწილი ომის პირველ წლებში "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. ქალაქში ბრძოლები 2017 წლამდე გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში "ისლამური სახელმწიფოს" ტერორიტებმა თითქმის სრულად გაძარცვეს და დაანგრიეს სომხური მემორიალი. 

კრაკ-დე-შევალიეს ციხე-სიმაგრე

კრაკ-დე-შევალიეს ციხე-სიმაგრე ჰოსპიტალიერების ორდენის წევრებმა X-ე საუკუნეში ააშენეს. ციხე-სიმაგრე თანამედროვე ლიბანისა და სირიის საზღვარზე მდებარეობს. 

სამოქალაქო ომის პირველ წლებში ციხე-სიმაგრეს ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეები აკონტროლებდნენ. სირიის სამთავრობო არმიამ ციხე-სიმაგრე არტილერიული შეტევების შემდეგ, 2014 წლის აგვისტოში გაათავისუფლა. ბრძოლების შედეგად დაინგრა ციხე-სიმაგრის მნიშვნელოვანი ნაწილი, განადგურდა გალავნის ნაწილიც, სწორედ, აქედან შეაღწია სამთავრობო არმიამ ნაგებობაში. 

"ალათის ლომის" ქანდაკება პალმირაში 

"ალათის ლომი"  II-ე  საუკუნით თარიღდება, მითოლოგიის თანახმად, სწორედ ეს ლომი იცავდა ქალღმერთ ალათის ტაძარში შესასვლელ კარს. "ალათის ლომი" პრეისლამური, ძველ არაბული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლად მიიჩნეოდა. ლომის ქანდაკება პოლონელმა არქეოლოგმა 1977 წელს აღმოაჩინა. რესტავრაციის შემდეგ ქანდაკება პალმირის მუზეუმის შესასვლელში განათავსეს. 

პალმირას მუზეუმი "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა გაძარცვეს, ხოლო ლომის ქანდაკება პოსტამენტიდან გადააგდეს, რის შედეგადაც ქანდაკება მნიშვნელოვნად დაზიანდა. მოგვიანებით სპეციალისტებმა ქანდაკების რესტავრაცია შეძლეს.

ალეპოს დიდი მეჩეთი

ალეპოს დიდი მეჩეთი, რომელიც VIII საუკუნით თარიღდება ცნობილია, ასევე, ომაელთა მეჩეთის სახელით. ცენტრალური ნაწილის აღმართვის შემდეგ, მეჩეთის კომპლექსი მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შენდებოდა. თურქ-სელჩუკების ზეობის პერიოდში აღიმართა 45-მეტრიანი მინარეთი.

სამოქალაქო ომის წლებში სირიის ყველაზე დიდი ქალაქი ალეპო, წინააღმდეგობის მოძრაობის დედაქალაქი და ყველაზე სასტიკი ბრძოლების ადგილი გახდა. ალეპოზე განხორციელებული სამთავრობო არმიის შეტევების შედეგად დაზიანდა ალეპოს დიდი მეჩეთიც. ბრძოლების დროს განადგურდა მინარეთი და მეჩეთში შესასვლელი ცენტრალური კარიბჭე. მეჩეთის კედლებს ტყემდე ათასობით ნატყვიარი ეტყობა. 

ალ-მადინას ანტიკური ბაზრობა ალეპოში

ალეპოს ე.წ. ძველი ქალაქის ცენტრში მდებარე ალ-მადინას ბაზრობა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად მიიჩნეოდა. XV-ე საუკუნეში აშენებული ბაზრობა არამხოლოდ სირიის, არამედ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო ცენტრად მიიჩნეოდა. 

სამთავრობო არმიის შეტევების შედეგად, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ალ-მადინას ბაზარიც სერიოზულად დაზიანდა. დაიწვა ასობით სავაჭრო დახლი, თუმცა ბაზრობის მნიშვნელოვანი ნაწილი მასშტაბურ დაზიანებებს გადაურჩა. 

ბაალას ტაძარი პალმირაში

ბაალას ტაძარი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით თარიღდება პალმირას ანტიკური ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიწმინდეს წარმოადგენდა. ტაძარი სემიტური ხალხების მთავარ მითოლოგიურ ღვთაებას, ბაალას მიეძღვნა და მის სახელს ატარებდა. 

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა სხვა სიწმინდეებთან ერთად, თითქმის სრულად გაანადგურეს ბაალას ტაძრის კომპლექსიც. აფეთქებას, მხოლოდ ტაძრის შესასვლელში მდგარი თაღი გადაურჩა.

ხალიდ იბნ ალ-ვალიდის მეჩეთი ჰომსში

ხალიდ იბნ ალ-ვალიდის მეჩეთი გასულ საუკუნეში იმ არაბი მხედართმთავრის სადიდებლად აშენდა, რომელიც VII-ე საუკუნეში არაბების მიერ სირიის ნაწილის დაპყრობის ოპერაციაში მონაწილეობდა. სირია იმ დროს ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მეჩეთი პილიგრიმობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წერტილი იყო. 

სირიის სამთავრობო არმიისა და აჯანყებულებს შორის ქალაქ ალეპოს კონტროლისთვის მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მეჩეთი იარაღის საწყობად გამოყენებოდა. სამოქალაქო ომის წლებში მეჩეთი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა ამ დროისთვის შემოწირელობების ხარჯზე მეჩეთი თითქმის სრულად არის რესტავრირებული.

ბაალშამინას ტაძარი პალმირაში

ბაალშამინას ტაძარი II-ე საუკუნეში ადგილობრივმა ტომებმა მათი მთავარი ღვთაების სადიდებლად ააშენეს. ტაძარი შვეიცარიელმა არქეოლოგებმა 1950-იან წლებში აღმოაჩინეს. 

ბაალშამინას ძარცვა სამოქალაქო ომის პირველივე თვეებში, მაშინ დაიწყო, როდესაც სირიის სხვადასხვა რეგიონის შეიარაღებული ოპოზიციის დაჯგუფებები და ექსტრემისტული ორგანიზაციები აკონტროლებდნენ, თუმცა ბაალშამინას ტაძარი საბოლოოდ "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ააფეთქეს. 




მსგავსი სიახლეები