სირსკის თქმით, უკრაინა კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებით თავდაცვას აძლიერებს
კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებით ერთთვიანი სასტიკი ბრძოლისა და მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ, რუსმა დამპყრობლებმა გადაჯგუფება და ახლად ჩამოყალიბებული ბრიგადებისა და დივიზიების რუსეთის ტერიტორიიდან გადმოსროლა დაიწყეს, საპასუხოდ უკრაინელი სამხედროები ამ მხარეში თავდაცვას აძლიერებენ.
ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ The New York Times-თან განაცხადა.
სირსკის თქმით, დამპყრობლები ცდილობენ საბრძოლო პოტენციალი გაზარდონ, რათა აქტიური შეტევითი ოპერაციები განაახლონ. ამავდროულად, რუსები არტილერიითა და ნაღმტყორცნებით ძლიერ დაბომბვას აგრძელებენ და აქტიურად იყენებენ ავიაციას.
"ასეთ პირობებში, ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ ყველა ზომა, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა საშიშ ზონებში და წავიდეთ შეტევაზე, სადაც ეს შესაძლებელია," - თქვა სირსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფების და ბრიგადის მეთაურებთან ერთად, კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებზე სამუშაო ვიზიტის დროს ყველა გადაწყვეტილება მიიღო.
The New York Times, აშშ-ისა და დასავლეთის ანონიმურ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით, 22 აგვისტოს წერდა, რომ უკრაინის სარდლობა "სამხრეთში კონტრშეტევის დროს რუსული მიწოდების ხაზების გაწყვეტის ნაცვლად," ჯარებსა და საცეცხლე ძალას დაახლოებით თანაბრად ანაწილებდა აღმოსავლეთსა და სამხრეთს შორის.
გამოცემის თანახმად, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა უკრაინას მელიტოპოლის ფრონტზე ფოკუსირება ურჩიეს.
The Wall Street Journal-ის ცნობით, რომელსაც მსგავსი ინფორმაცია წყაროებმა მიაწოდეს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა უკრაინელებს თავიანთი სტრატეგიის შეცვლა ურჩიეს. ამერიკელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ უკრაინის არმია "ჯერ კიდევ ძალიან დაფანტულია სამხრეთში კონცენტრირებული შეტევისთვის."
კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის გაძლიერების შესახებ სირსკის განცხადების შემდეგ, NYT 26 აგვისტოს წერდა, რომ სამხრეთით უკრაინის კონტრშეტევაზე ყურადღების მიუხედავად, ფრონტის ხაზის სხვა მონაკვეთები "ისევ არასტაბილურია."
ამერიკელი ჟურნალისტების თქმით, "აღმოსავლეთში უკრაინის მთავარი გენერალი" სირსკი საჭიროდ მიიჩნევს აღმოსავლეთ რეგიონების დასაცავად ზომების მიღებას, "აშკარად, პენტაგონის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ."
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NYT-ის სტატიაზე კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ შეუძლია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის აღმოსავლეთს, იქ საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის გათვალისწინებით.
"მოდი ჩვენი შეიარაღებული ძალები იქიდან (აღმოსავლეთიდან. - რედ.) სადმე გადავისროლოთ... ამის შემდეგ მოხდება შემდეგი: რამდენიმე დღეში სლავიანსკში, კრამატორსკში, მერე წავლენ პავლოგრადზე, დნეპრზე, მოგვწყვეტენ ნაპირებს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მათი იმედი. ჩვენ არ დავთმობთ ხარკოვს, პავლოგრადს და დნეპრს... და მოდით, მსოფლიოს სხვადასხვა ანალიტიკოსებს ამის იმედი არც კი ჰქონდეთ." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.