სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ მიიღო ქვეყნის პრემიერმინისტრის, იგორ მატოვიჩის განცხადება გადადგომის შესახებ. პრეზიდენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება ფინანსთა მინისტრს, ედუარდ ჰეგერს დაავალა.
იგორ მატოვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად მზადაა გადადგეს თანამდებობიდან და პოსტი მის თანაპარტიელს და ფინანსთა მინისტრს, ედუარდ ჰეგერს დაუთმოს, თავად კი ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.
სამთავრობო კრიზისი სლოვაკეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც იგორ მატოვიჩმა მთავრობასთან შეუთანხმებლად კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შეძენა გადაწყვიტა. მარტის დასაწყისში მატოვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ დაელოდებოდა რუსული ვაქცინის ავტორიზაციას არც ევროკავშირის და არც სლოვაკეთის რეგულატორისგან და ვაქცინის 2 მილიონ დოზას შეიძენდა.
მატოვიჩის შეუთანხმებელმა გადაწყვეტილებამ ქვეყნის პრეზიდენტისა და მისი კოალიციური პარტნიორების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ გააკრიტიკეს მატოვიჩი იმის გამო, რომ პრემიერმა გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად მიიღო და არ გაითვალისწინა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. მოგვინაებით კოალიციაში შემავალმა ორმა პარტიამ მატოვიჩის გადადგომა მოითხოვა.
კოალიციური პარტნიორების ამბობდნენ, რომ რუსული ვაქცინის შეძენამდე აუცილებელი იყო ქვეყანა დალოდებოდა პრეპარატის ავტორიზაციას და რომ მმართველ კოალიციაში მხოლოდ პრემიერის გადადგომის შემთხვევაში დარჩებოდნენ. პრემიერმინისტრის გადადგომამდე თანამდებობა დატოვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მარეკ კრაიჩიმ.