სომხეთმა შესაძლოა აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლაზე რეფერენდუმი ჩაატაროს
სომხეთმა შესაძლოა აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლის შესახებ რეფერენდუმი ჩაატაროს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მსგავსი შესაძლებლობა არ გამორიცხა. მან განმარტა, რომ ეს შესაძლებელია, თუ ერევანი და ბაქო ტერიტორიების გაცვლას გადაწყვეტენ.
ამის შესახებ მან სომხეთის სიუნიკის რაიონის სოფელ შინუაირის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
"იყო გაუთვალისწინებელი გაჩერება შინუაირში, სადაც მოსახლეობას რეალურ სომხეთზე ვესაუბრეთ და საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესზე," - წერს Facebook-ზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლებას შეუძლია რეფერენდუმის ინიცირება, თუ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში დადგება ტერიტორიების გაცვლის საკითხი.
"შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როცა შესაძლოა 100 კვ.მ. გადავცეთ აქედან და მივიღოთ 100 კვ.მ. იქ. ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერს გადავწყვეტთ. საჭირო იქნება რეფერენდუმის ჩატარება, თქვენ გადაწყვეტთ," - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესში საუბარი არ არის აზერბაიჯანთან ახალ საზღვარზე, აღდგება საბჭოთა პერიოდის საზღვრები. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა მოსახლეობა, რომ სომხეთის ხელისუფლება საკუთარი ტერიტორიის არც ერთ მეტრს არ დათმობს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უკვე დაიწყო. სომხეთმა აზერბაიჯანს ოთხი სოფელი დაუბრუნა და დაიწყო განაღმვის სამუშაოები.